ტაბულა ART

რატომ მინდა, რომ ჩემს ქალაქში იყოს ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი?

0 კომენტარი

იმიტომ, რომ მაგარია! – ვიტყოდი მოკლედ და აქვე დავამთავრებდი, თუმცა ვეჭვობ, ეს, ჩემი სუბიექტური გადმოსახედიდან მარტივი ჭეშმარიტება, საკმარისი იყოს ამ წერილის მიზნის მისაღწევად. მიზანი კი ამ იდეის გარშემო იმდენი მოტივირებული ადამიანის შემოკრებაა, რამდენიც საკმარისი იქნება მის განსახორციელებლად კრეატიული, მხატვრული, ფინანსური, საინფორმაციო და საორგანიზაციო კუთხით. ამიტომაც შევეცდები უფრო ნათლად და გასაგებად აღვწერო ის ემოცია, რომელიც ახლა ამ თემაზე წერას მაიძულებს...

უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივ კოლორიტში გახვეული უხერხული ინსინუაციებისა და ყოველგვარი არასწორი ინტერპრეტაციისგან თავის დასაზღვევად, მინდა სამწუხაროდ ვაღიარო, რომ ირაკლი ჩარკვიანთან პირადი ნაცნობობა და მეგობრობა არ მაკავშირებდა – ჩემზე ცოტა უფროსიც იყო და თან, როგორც ჩანს, ყველა ურბანულ გარეუბნულ სივრცეში აღზრდილი უკუსნობი არ იცნობს ყველა, მაინც რაღაცნაირად ბრჭყვიალა და მიმზიდველ ცენტრალურუბნურ გარემოში მოპროტესტე და უკვე ამ პროტესტითვე გამეინსტრიმებულ სელებრითის – მილიონიანი ქალაქი ვართ მაინც – თუმცა ეს გარემოება მეტი თავისუფლების მომნიჭებელი უფროა ირაკლი ჩარკვიანზე და მის სიმღერებზე აღმატებით ხარისხში საუბრისას და ეს ყველაფერი რომ მთლად საბჭოთა პათოსით გაჟღენთილ პროპაგანდას არ დაემსგავსოს, გპირდებით, ამ თავისუფლებით ზედმეტად არ ვისარგებლებ.

ირაკლი ჩარკვიანი ფოტო: გურამ წიბახაშვილი

მეორე, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, გახლავთ აღიარება იმისიც, რომ ამ საკითხს არავითარი შეხება არ აქვს სახელმწიფოს დაკვეთასთან, მით უმეტეს – ხელისუფლების! (ზოგს შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ ამ ორს შორისაც არის განსხვავება) – ეს ინიციატივა რომ „ზემოდან" მოდიოდეს, მოსახლეობას დღეს დილით უკვე ნანახი ექნებოდა სადმე პატარა მოედანზე მოულოდნელად ამოზრდილი ძეგლი, კურიერში – ამ ფაქტით გახარებული პედაგოგებისა და სახლმმართველების არმია და კავკასიაზე – იქვე მახლობელ ქუჩებზე მოტეხილად მიყუჩებული ყვითელი ავტობუსები.

ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მონაწილეობა იდეის რეალიზაციაში უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების მიხედვით ხელის არშეშლის პოლიტიკის გატარებაში, სხვა ყველაფერი კი – ძეგლის კონცეფციის კრეატიული გადაწყვეტით დაწყებული, განსახორციელებლად საჭირო ფონდების მოზიდვის ჩათვლით, უნდა განახორციელონ მოხალისეებმა.

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი – რატომ და რა დამსახურებისთვის? – პირდაპირ გეტყვით: იმიტომ, რომ ირაკლი ჩარკვიანი კარგ ქართულ თანამედროვე მუსიკას ქმნიდა! – ვფიქრობ, ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა არ გაგვიჭირდება, თუკი თითოეული ჩვენგანი უბრალოდ თვალს გადაავლებს პირად კომპიუტერში საყვარელი სიმღერების ფლეილისტს, ან უბრალოდ გაიხსენებს, რამდენჯერ წაუმღერია თავისთვის უცხოეთში ყოფნისას სამშობლოზე ნოსტალგიამოძალებულს – „მე გადმოვცურავ ზღვას"; რამდენჯერ შერიგებია ნაწყენ შეყვარებულს სიმღერით – „სულს მოგცემ, რა გაქვს ჩემ სიყვარულზე მეტი"; რამდენჯერ დაკავებულა სიყვარულით სასურველ ადამიანთან, მასთან, ან მის გარეშე, როცა ოთახში ფონად ისმოდა – „მე მენატრება შენი კანი..."

თუმცა სპორტული მარკეტინგის ფარგლებსაც რომ გავცდეთ და უფრო სერიოზულად დავფიქრდეთ ჩვენი ახლო წარსულის შეძლებისდაგვარი კულტურული ცხოვრების ბრენდირებაზე, აღმოვაჩენთ, რომ თუ იმ ეპოქის კულტურულ გმირად შეიძლება ვინმეს აღიარება, ამ, თუნდაც სცენური ფსევდონიმის არჩევისას გამოვლენილი ჯანსაღი ხულიგნობით უნებლიეთ დიდი მონარქისტული აყალმაყალის წინასწარმეტყველური დაცინვის ავტორზე უფრო ქარიზმატული, გლამურული, საერთო-ეროვნული და უბრალოდ საინტერესო ადამიანის მოძებნა ფაქტობრივად შეუძლებელია.

ირაკლი ჩარკვიანმა მოახერხა, რომ თანამედროვე ქართულ მუსიკაში ქართული ტექსტი ქართულად გაჟღერებულიყო, და არა ფსევდორუსულად, როგორც მანამდე, ან ფსევდოინგლისურად, როგორც მას შემდეგ;

ირაკლი ჩარკვიანმა მოახერხა, რომ მისი მუსიკისთვის ერთდროულად ესმინათ მასებს და სნობებს, ისე, რომ მასებს გლამურის თბილ ფრთებთან შეხება ეგრძნოთ, სნობებს კი ჯავშანტრანსპორტიორზე ამხტარი ლენინის სახეზე დაბერილი სუსხიანი ჰაერის სისუფთავე;

მან მოახერხა, რომ ერთდროულად ანდერგრაუნდის ოთხმოცმაყურებლიან სარდაფებშიც ეჩხარუნებინა გიტარა და გენას იმ პერიოდისთვის არნახულად გაბრდღვიალებული სცენიდანაც ეღო პირი ფონოგრამაზე ესტრადის სხვა „ვარსკვლავებთან" ერთად, ოღონდ ტექსტით – „შენ აფრენ";

და, რაც მთავარია, ირაკლი ჩარკვიანმა მოახერხა, რომ მთელი ეპოქის, მეოცე საუკუნის მიწურულის ქართული მუსიკალური პროტესტის, რობი კუხიანიძის, ლადო ბურდულის, სერგი გვარჯალაძის, დადა დადიანის, ქიშოს და მთელი ამ „ინტელიგენციის" კრებით სახედ ქცეულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ეს უკანასკნელი ყველაზე ძვირად, სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ირაკლი ჩარკვიანისთვის ძეგლის დადგმის იდეაც სწორედ ისაა, რომ ეს იდეის ძეგლია. იდეისა, რომ ყველა ეპოქას, რაოდენ რუხი და შავბნელიც უნდა იყოს იგი, ჰყავს თავისი კულტურული გმირები – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჯერ მიხვდნენ, მერე გაბედეს, მერე უკან არ დაიხიეს და ბოლოს და ბოლოს სხვებსაც გააგებინეს – ადამიანები, რომლებმაც ეპოქას ფერები შესძინეს!

ირაკლი ჩარკვიანი ფოტო: გურამ წიბახაშვილი

ოთხმოცდაათიან წლებში საქართველოზე ასე ნანატრმა, მაგრამ მაინც მოულოდნელად თავსდამტყდარმა დამოუკიდებლობამ, უფრო მეტად კი პასუხისმგებლობის ახალი ხარისხისთვის ჩვენმა უმწიფრობამ, ქვეყანაში ბევრი რამ დააყენა თავდაყირა: ჭარბი თვითგადარჩენის ინსტინქტით აღჭურვილმა ყოჩაღებმა მორალი დადეს, „კალაშნიკოვის" ავტომატები აიღეს და ბედნიერების ძიებას შეუდგნენ, განსაკუთრებულად წინდახედულებმა კი საწინააღმდეგო სქესის უყურადღებობა ორგანიზმისთვის აუცილებელი მწარე წამალივით უხმოდ გადავყლაპეთ და სახლიდან უბანში გაუსვლელად განვაგრძეთ წითელი ლოყებით სკოლაში ხუთიანების მიღება.

პირველები საკუთარ თავს „კაი ბიჭებს" უწოდებდნენ, მეორეებს კი იმას, რაც უნიფხვო ტერორისტმა არუთინოვმა უწოდა ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსს; მეორენი საკუთარ თავს კეთილ ადამიანებს ვეძახდით, პირველებს – ბოროტებს; ობიექტური მსაჯული, საზოგადოება კი – ანუ საწინააღმდეგო სქესი და მოხუცები, პირველებს „ფხიანებად" მოიხსენიებდნენ, მეორეებს – „კომპლექსიანებად". თუმცა ღვთის ნებისა თუ გრანდიოზული რენდომაიზერის ჯიუტი ბუნების გადამკიდე, სამყარო არაა ისეთი ერთფეროვანი, რომ ადამიანების მხოლოდ ორ კატეგორიად დაყოფა იყოს შესაძლებელი. იმ დროსაც არსებობდნენ ზოგიერთნი, რომლებიც ცოტანი კი იყვნენ, მაგრამ ვერცერთ ამ სოციუმში ვერ ეწერებოდნენ – უცნაური და ახირებული ხალხი, რომლებსაც შეეძლოთ, მაგალითად, საკუთარი თავისთვის პროფესიად მაინცდამაინც დენის გიტარაზე დაკვრა დაედგინათ, მიუხედავად ქვეყანაში მძვინვარე ენერგოკრიზისისა.

თანამედროვე სოციალური ქსელების ბრძენები ამბობენ, რომ სამყარო ლონგ თერმში სამართლიანია. უკიდურესად მცირე გამონაკლისის გარდა, დღეს პირველნიინდივიდუალურ ჯოჯოხეთებში არიან: ციხეში, რუსეთში, დაბალანაზღაურებად ოპოზიციაში, მეორენი კი – ინდივიდუალურ სამოთხეებში, ანუ სხვადასხვა კაბინეტებში სხვადასხვა მმართველ თანამდებობებზე.

მე ვფიქრობ, რომ სრული სამართლიანობისთვის საჭიროა იმ ახირებული მესამეების ერთ პატარა ძეგლში მაინც, მაპატიეთ ეს ზღვარსგადასული პათეტიკა და, უკვდავჰყოფა! – როგორც ადამიანებისა, რომლებმაც საკუთარი არსებობით მინიმუმ მესამე ალტერნატივა შექმნეს და ამით გაზარდეს არჩევანის მრავალფეროვნება, არჩევანის მრავალფეროვნება კი თავისუფლების ჩემი საყვარელი განმარტებაა.

როგორი უნდა იყოს ეს ძეგლი, ან უფრო სწორად, როგორ წარმომიდგენია ეს ძეგლი მე, სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაკლებადმნიშვნელოვნად მიმაჩნია – შეგიძლიათ უპრინციპო, ან სულაც უგემოვნო მიწოდოთ, მაგრამ მე სადმე პატარა გუბურაში გაშვებული ქაღალდის ნავიც მომწონს და რომელიმე სკვერში დადგმული მაგნიტოფონიც, რომელშიც სულ ჩარკვიანის სიმღერებია ჩართული, თუგინდ კლასიკურ სამამულო სტილში დიდ მოედანზე და მაღალ კვარცხლბეკზე ცხენზე ამხედრებული გვირგვინოსანი „მეფე" იყოს, მუქი სათვალით და ზურგზე მოგდებული გიტარით, ან სულაც პირველი სკოლის გადაღმა ილიასა და აკაკის სიმეტრიულად ხელიხელგადახვეული ირაკლი ჩარკვიანი და რობი კუხიანიძე – ჩემი პირადი სტერეოტიპებითა და კომპლექსებით ნაწარმოები ესთეტიკის საზოგადოებისთვის თავს მოხვევის ასპარეზად ქართულ ბეჭდურ მედიას, ტელესივრცესა და კინოთეატრების ეკრანებს ვიკმარებ, ჩემთვის კი იმის ცოდნაც უკიდურესად სასიამოვნო იქნება, რომ თუ კიდევ ოდესმე ჩემი ძვირფასი ქართული საზოგადოება ორად გაყოფას და პოლარიზებას გადაწყვეტს, ჩემს ქალაქში იყოს ერთი საჯარო ადგილი მაინც, სადაც ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ თავში ვერც იმდენ გამბედაობასა და სიბოროტეს აღმოაჩენენ, რომ პირველებს შეუერთდნენ, და ვერც იმდენ მოთმინების უნარსა და დისციპლინირებულობას, რომ მეორეებს, უბრალოდ მივლენ ხოლმე, ჩამოდგებიან, ჩამოსხდებიან, წამოწვებიან და ან ლუდს დალევენ, ან ერთმანეთს აკოცებენ, ან ხმამაღალ მუსიკას დაუკრავენ, ან კიდევ უფრო კრეატიულად და არანაკლებ მსუბუქად დაარღვევენ მორალისტების მიერ დაწესებულ ქცევის ნორმებს და ჭეშმარიტად მეფური სიმშვიდითა და სიამაყით აიტანენ გამვლელი ბიურგერების ამრეზილ მზერებს, იმიტომ, რომ იმ ქვეყნის უნაყოფო და ფარისეველი დედა ვატირე, სადაც მამებს შვილები მოსწონთ, ან უარესი – შვილებს მოსწონთ მამები.

იმიტომ, რომ „ჩვენ ვართ კულტურული ტომი, რომელიც კიდევ ერთხელ გადაირჩენს თავს..."

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები