გუნავას საქმე

თენგიზ გუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

თენგიზ გუნავა
livepress.ge

თენგიზ გუნავას თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი დამნაშავედ ცნეს ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში - ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. სასამართლომ თენგიზ გუნავა უდანაშაულოდ ცნო ბრალდების მესამე ეპიზოდში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შესახებ, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსობის პერიოდში მძღოლის დაჭრის ბრალდებას გულისხმობს.

ბრალდების ორ ეპიზოდში, რომელშიც იგი დამნაშავედ ცნეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გუნავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ამნისტიის საფუძველზე ეს სასჯელი 4 წლამდე შემცირდება.

თენგიზ გუნავას ადვოკატის მალხაზ ველიჯინაშვილის თქმით, დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"მიგვაჩნია, რომ განაჩენი სრულიად დაუსაბუთებელია, დანაშაულის ჩადენის არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა", - ამბობს ადვოკატი.

კომენტარები