განათლების სამინისტრო

მარგველაშვილი: ჩვენ მოვახდინეთ განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია

კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე თავის შემცვლელად თამარ სანიკიძე წარუდგინა საზოგადოებას.

"დიდი ხანია თამართან ერთად ვმუშაობ. თამარი სწავლობდა იმ ინსტიტუტში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი მანამდე (GIPA-ში). ის აგრეთვე სწავლობდა ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მუშაობდა როგორც GIPA-ში, აგრეთვე ურბანულ ინსტიტუტში. რეალურად ბოლო 8 თვის განმავლობაში ის ადამიანი, რომელიც ჩემთან ერთად გეგმავდა და ახორციელებდა ცვლილებებს, არის თამარი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას სურს საზოგადოებას ახალ მინისტრთან ერთად ერთგვარი ანგარიში ჩააბაროს იმის თაობაზე, თუ რა განხორციელდა სამინისტროში მისი მინისტრობის პერიოდში.

პირველ მიღწევად მარგველაშვილმა განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია დაასახელა.

"პირველი, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რაც იყო უმნიშვნელოვანესი, ჩვენ მოვახდინეთ განათლებისა და მეცნიერების სისტემის დეპოლიტიზაცია. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი იმ გარდამავალ პერიოდში და იმ გარდამავალ პროცესში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. ჩვენ ვიცით როგორ იმართებოდა განათლებისა და მეცნიერების სისტემა და უმნიშვნელოვანესი იყო დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ სისტემიდან პოლიტიკური ელემენტის ამოღება და მისი გადაყვანა ნორმალურ რელსებზე", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილმა მისი 8-თვიანი საქმიანობის შეჯამებისას ისაუბრა პედაგოგებისთვის ხელფასების გაზრდაზე, სასკოლო ავტობუსების პროგრამაზე, უფასო სახელმძღვანელოებზე, პროფესიული სასწავლებლების რეფორმაზე და უმაღლესი განათლების სფეროში გატარებულ ცვლილებებზე. ამ მიმართულებით, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ 17 სპეციალობაზე უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტები ისწავლიან უფასოდ. მისივე თქმით, ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმა, რაც უმაღლეს სასწავლებლებთან მიმართებით განხორციელდა, ეს არის მათთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის აღდგენა. აღნიშნული სტატუსი, მარგველაშვილის თქმით, იმის საფუძველი იქნება, რომ "არასდროს მოხდება სახალხო ქონების გასხვისება".

8-თვიანი პერიოდის შეფასებისას მარგველაშვილმა პირადად მისთვის ყველაზე დიდ მიღწევად დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის აღდგენა დაასახელა.

"დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის აღდგენით იწყება ქართული მეცნიერების წარსულის აღიარება და ახალი მეციერების მშენებლობა. წელს არის 70 წელი დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან და მე დიდი სიამაყით და აღტაცებით ვამბობ იმას, რომ ფსიქოლოგიის ინსტიტუტი აღდგება საქართველოში", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

კომენტარები