ეგვიპტე

ტაჰრირიდან თავისუფლებამდე

ალექსანდრე კახა ლომაია
0 კომენტარი

საქართველოს ეგვიპტური გაკვეთილები

კაიროს ტაჰრირის მოედნიდან თბილისის თავისუფლების მოედნამდე შორია, დაახლოებით 2500 კილომეტრი. ეგვიპტესა და საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ რეალობებს შორის მანძილი კი, შესაძლოა, უფრო მოკლე იყოს, ვიდრე ეს საქართველოს მთავრობას ჰგონია. ეგვიპტური კრიზისის გაანალიზება და დასკვნების გამოტანა სასარგებლო უნდა იყოს როგორც მთავრობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის და ყველასთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის შენარჩუნებით არის დაინტერესებული.

რამ განაპირობა ზუსტად ერთი წლის წინ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტ მორსისა და „მუსლიმთა საძმოს" მთავრობის გადაყენება? ყველაზე ხშირად ხუთ მთავარ მიზეზზე საუბრობენ.

შეუსრულებელი დაპირებები

მორსიმ და „სამართლიანობისა და თავისუფლების პარტიამ" („მუსლიმთა საძმოს" პოლიტიკური ფრთა) წინასაარჩევნოდ უხვად დაარიგეს დაპირებები – ეგვიპტელთა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით დაწყებული, კაიროში საავტომობილო საცობების პრობლემის მოგვარებით დამთავრებული. სწრაფი ეკონომიკური განვითარება, დასაქმება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა (უცხოური ტურიზმი ეგვიპტის მშპ-ის 10%-ს შეადგენდა), შემოსავლების ზრდა და სოციალური დაცვის ღონისძიებების გატარება – ამ დაპირებების არასრული ჩამონათვალია. ერთი წლის თავზე, ეგვიპტური ეკონომიკა მძიმე კრიზისშია, ქვეყნის სავალუტო რეზერვები გამესამედდა, უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა, ისევე, როგორც უცხოელი ტურისტების რაოდენობა, კერძო სექტორმა დასაქმებულთა რაოდენობა შეამცირა, იმატა დანაშაულმა – მკვლელობა, ძარცვა, ქურდობა; დაიწყო ელექტროენერგიის გათიშვები, გაჩნდა საწვავისა და კვების პროდუქტების დეფიციტი. ტაქტიკამ „სანახაობა პურის ნაცვლად" არ გაამართლა – ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკური განადგურების მცდელობა ვერ აღმოჩნდა საკმარისი ეკონომიკური და სოციალური იმედგაცრუების გადასაფარად.

ძალაუფლების შემომტკიცება: ყველაფერი და სწრაფად

მორსიმ და „საძმომ" მყისიერი და ყოვლისმომცველი შეტევა მიიტანეს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე, მათზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების მიზნით. შეტევის ობიექტები გახდნენ კონსტიტუცია, სასამართლო, რომელსაც მორსიმ თავისი გადაწყვეტილებების გადახედვის უფლება ჩამოართვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სადაც „საძმომ" თავისი მომხრეების მასობრივი დაწინაურება დაიწყო, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია, რომლებიც წნეხის ქვეშ მოექცნენ მორსის კრიტიკის გამო და სხვა.

ხედვის არქონა

ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის განმავლობაში „საძმომ" ვერ შეძლო ეგვიპტური სახელმწიფოს განვითარების მწყობრი ხედვის წარმოდგენა. ამ ხედვას უნდა წარმოეჩინა ისეთი ეგვიპტე, რომელშიც ცხოვრება და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა ექნებოდა მის მრავალფეროვან 85-მილიონიან მოსახლეობას: სუნიტურ უმრავლესობას, შიიტურ უმცირესობას, 8-მილიონიან ქრისტიანულ თემს, სეკულარისტებს, ლიბერალებს, სამხედროებს, ბიზნესმენებს, კულტურულ უმცირესობებს, სტუდენტობას, შედარებით განათლებულ და შეძლებულ ურბანულ მოსახლეობასა და რელიგიურ და ღარიბ სოფელს. ამ ხედვისა და განვითარების გეგმის ნაცვლად, „საძმომ" ხელისუფლებაში ყოფნის 12 თვე ყოფილი პრეზიდენტის – მუბარაკის კრიტიკას, მისი პოლიტიკური გუნდის პოლიტიკურ განადგურებას, „შვიდიათასწლოვანი ეგვიპტური სახელმწიფოებრიობით" ტრაბახს, ანტიდასავლურ რიტორიკასა („ამერიკა და ევროპა სად იყვნენ, ჩვენ 4700 წლის წინ პირამიდებს რომ ვაშენებდით?") და ქვეყნიდან დასავლური დემოკრატიული პროგრამების (NDI, IRI) გაძევებას დაუთმო.

მზარდი შეუწყნარებლობა

მორსის პრეზიდენტობის პერიოდში პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა რელიგია, რასაც შეუწყნარებლობის ხარისხის მკვეთრი ზრდა და უმცირესობების უფლებების შეზღუდვა მოჰყვა. დაპირისპირებებმა და კონფლიქტებმა თავი იჩინეს, ერთი მხრივ, მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის და, მეორე მხრივ, სუნიტ და შიიტ მუსლიმებს შორის. ზოგიერთი შეტაკება მსხვერპლითა და სალოცავების დაწვით დასრულდა. რამდენიმე გახმაურებელ შემთხვევაში „საძმოს" მომხრე ფუნდამენტალისტებმა თავიანთი კრიტიკოსების ფიზიკური დასჯა მოითხოვეს.

ოპოზიციის მარგინალიზაცია

„საძმომ" თანმიმდევრულად გაიყვანა თამაშგარე მდგომარეობაში პრაქტიკულად მთელი ოპოზიციური სპექტრი. საკონსტიტუციო პროცესიდან სხვადასხვა საბაბით გამოაძევეს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები და მეცნიერები; მორსის ბრძანებით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრებს 10 წლის განმავლობაში აეკრძალათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და სახელმწიფო თანამდებობების დაკავება.

ამ ძირითად მიზეზებს დაემატა რამდენიმე სხვა, როგორიცაა, მაგალითად, მეზობლებთან ურთიერთობების გაუარესება – ეთიოპიის გეგმას, ააშენოს გიგანტური ჰიდროელექტროსადგური ნილოსზე, მორსის მთავრობამ ომის მუქარით უპასუხა.

ახლა შევხედოთ, თუ როგორია საქართველოს მთავრობის მონაგარი იმ სფეროებში, რომლებმაც მორსის მთავრობის წარუმატებლობა განაპირობეს.

წინასაარჩევნო დაპირებები ზოგიერთ სფეროში საერთოდ არ შესრულებულა (ანაბრები, საბანკო სესხები), სხვა სფეროებში (პენსიების გაორმაგება, კომუნალური გადასახადებისა და ბენზინის ფასების განახევრება), ცვლილებები სიმბოლურია. სოფლის მეურნეობის ფართოდ რეკლამირებული პროგრამა, თავად მთავრობის აღიარებით, ჩავარდა. ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია. შედეგად, NDI-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 88%-ს (!) მიაჩნია, რომ არჩევნების შემდეგ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა (72%) ან გაუარესდა (16%). მოსახლეობის ნდობის რესურსი სწრაფად იწურება. იმისა, რომ „ქართულ ოცნებას" შეუძლია მათთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემების მოგვარება, გაცილებით ნაკლებს სჯერა ივნისში, ვიდრე სჯეროდა მარტში: დასაქმება (მარტში სჯეროდა 62%-ს, ივნისში – 52%-ს), ჯანდაცვა (66% – 55%), სიღარიბე (62% – 52%), პენსიები (65% – 56%), რუსეთთან ურთიერთობები (68% – 56%) და კრიმინოგენური მდგომარეობა (58% – 49%). ამომრჩევლებს „ქართული ოცნება" იმისთვის არ აურჩევია, რომ მათი მდგომარეობა არ შეცვლილიყო ან, მით უმეტეს, გაუარესებულიყო. იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ყოვლისმომცველი და სწრაფი ცვლილებების ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში, მოსახლეობის ასეთი ერთსულოვნება საგანგაშო უნდა იყოს.

ძალაუფლების კონსოლიდაცია: „ქართული ოცნების" ფრონტალური შეტევა იმ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც მათ პოლიტიკურ კონტროლს არ ექვემდებარება, ფართო საშინაო და საერთაშორისო კრიტიკის ობიექტად გადაიქცა. სულ ბოლოს, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესის მხრიდან. შეტევის სამიზნეები: ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები (საქართველოს რაიონებისა და ქალაქების უმრავლესობაში ხელების გადაგრეხის და მუქარის მეშვეობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არჩეული უმრავლესობა შეიცვალა „ქართული ოცნების" უმრავლესობით), სასამართლოები (პროკურატურის ზეწოლა მოსამართლეებზე და იუსტიციის სამინისტროს ზეწოლა მოსამართლეთა კონფერენციაზე), სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (პრემიერმინისტრის მიერ რექტორების დანიშვნის საკანონმდებლო ინიციატივა, უნივერსიტეტებში „ქირურგიული ჩარევის" მუქარები), საზოგადოებრივი მაუწყებელი (ფინანსური შემოწმებები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა გამოწვევა), მარეგულირებელი კომისიები (პრემიერმინისტრს დაუქვემდებარეს) და მრავალი სხვა. შედეგი: თუ არჩევნების შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში მოსახლეობის 58%-ს მიაჩნდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ახლა ასე მხოლოდ 45% ფიქრობს.

ხედვა: სახელმწიფოს განვითარების ერთიანი ხედვის მაგივრად, „ქართულმა ოცნებამ" შევარდნაძის ზანდუკიდან ამოიღო და ნაფტალინი გადაფერთხა ილუზორულ ფორმულას „საქართველო აშშ-სა და რუსეთს შორის დაპირისპირების კი არა, თანამშრომლობის ასპარეზი უნდა იყოს". საქართველოს მოქალაქეებმა არაფერი იციან იმის თაობაზე, თუ როგორი ტიპის სახელმწიფოს შენება სურს „ქართულ ოცნებას". ჯერჯერობით რაც გვესმის, არის მეტი აკრძალვა, შეზღუდვა და რეგულაცია. ეს შეეხება როგორც მნიშვნელოვან სფეროებს – ვიზების შემოღება მრავალი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, შრომის კოდექსით დამსაქმებელთა მოტივაციის შეზღუდვა, უცხოელებისთვის მიწის ყიდვის აკრძალვა, აგრეთვე სრულიად კომიკურ შემთხვევებს – „ბუსუსებიანი" პრეზერვატივების აკრძალვა, რესტორნებში საღამოს 10 საათის შემდეგ ხმამაღალი მუსიკის შეზღუდვა, პარკებსა და სკვერებში კოცნის აკრძალვა და ა.შ. ხედვის არქონა კომპენსირდება „ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მზარდი ქსენოფობიურობითა და ანტიდასავლურობით: „ევროპელები ჩვენ ჭკუას ნუ გვასწავლიან", „დასავლური გაზეთები „ნაციონალებისა" და მათი ლობისტების მიერ არის მოსყიდული", „ეგენი სად იყვნენ, ჩვენ რომ „ვეფხისტყაოსანი" გვქონდა", „აშშ-ის კონგრესი, ევროსაბჭო და ეუთო იმიტომ გვაკრიტიკებენ, რომ „ნაციონალების" ზეგავლენის ქვეშ არიან", „თავის თავს მიხედონ", „ამერიკელთა მიერ ჩატარებული გამოკითხვები გაყალბებულია", „ევროპელები თავად შორდებიან ევროპულ ფასეულობებს", და ა.შ. „ქართული ოცნების" ნდობის რეიტინგის 12%-იანი ვარდნა სწორედ ამ ზოგად სურათს უნდა მიეწეროს: თუ მარტში ამ კოალიციის საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 57% აფასებდა, ივნისში ეს მაჩვენებელი 45%-ზე ჩამოვარდა.

შეუწყნარებლობა – ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ადგილი ჰქონდა მორწმუნე მუსლიმთა ფუნდამენტური უფლების – ლოცვის უფლების შეზღუდვას. მათგან ერთ-ერთ შემთხვევაში, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მუსლიმი მღვდელმსახური იძულებული გახდა დაეტოვებინა სოფელი. 17 მაისს, თბილისის ცენტრში ათასობით რელიგიურმა ფუნდამენტალისტმა და სამღვდელოების წარმომადგენლებმა სცადეს ფიზიკურად გასწორებოდნენ ლგბტ უფლებების დამცველთა მცირერიცხოვან ჯგუფს. მხოლოდ შემთხვევის წყალობით ავცდით ტრაგედიას. სხვადასხვა შეფასებებით, ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა შეუწყნარებლობის დონე განსხვავებული აზრის, აღმსარებლობისა და სექსუალური ორიენტაციის მიმართ.

დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ ხასიათდება ორი ტენდენციით: საქართველოს მთავრობა დაუფარავად ცდილობს წამყვანი ოპოზიციური ძალის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ განადგურებას და, ამავე დროს, ახალისებს, მათ შორის ფინანსურადაც, ხელოვნური, მართვადი ოპოზიციის შექმნას. ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ ამუშავებულ შერჩევით მართლმსაჯულებას, შანტაჟსა და მუქარას აშშ-ის და ევროპის ოფიციალური პოლიტიკური წრეების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რამაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად გააუარესა საქართველოს საერთაშორისო პოზიციები. იმას, თუ რამდენად შეესაბამება ეს პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების წარმოდგენას დემოკრატიაზე, პასუხი გასცა ივნისში ჩატარებულმა ხსენებულმა გამოკითხვამ. გამოკითხვების ჩატარების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური შედეგი სწორედ გასულ თვეში დაფიქსირდა: საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 38%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ამჟამად დემოკრატიაა, მაშინ როდესაც საწინააღმდეგო აზრისაა მოსახლეობის 46%!

ვფიქრობ, რომ ეგვიპტურ-ქართული რეალობების შედარებისას დაკვირვებული თვალი მრავალ მსგავსებას დაინახავს. ყველა იმ განსხვავებასთან ერთად, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, ნათელია, რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ დამთხვევებთან, არამედ ეგვიპტურის მსგავს პოლიტიკურ დინამიკასთან. პოლიტიკური დინამიკის იგნორირებამ დემოკრატიულად არჩეული მორსის მთავრობა კრახამდე, ხოლო ეგვიპტე – სამოქალაქო ომის მიჯნამდე მიიყვანა. პირველ რიგში საქართველოს მთავრობამ, მაგრამ აგრეთვე ოპოზიციამ, ყველაფერი უნდა იღონონ იმისათვის, რათა საარჩევნო ფაზაში შესული პოლიტიკური პროცესი არაკონფრონტაციულ, მშვიდობიან კალაპოტში დარჩეს და კაიროს ტაჰრირის მოედნის მსგავსი მოვლენები თბილისის თავისუფლების მოედანზე არ განმეორდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები