შსს

შსს: ზეტორის საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერს ახალი ბრალდება წარედგინა

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, კომპანია ზეტორის საქართველოს წარმომადგენლობის მენეჯერს, ბრალდებულ გივი ქაიხოსროშვილს ახალი ბრალდება წარედგინა.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგობიანმა განაცხადა, 2013 წლის 23 ივლისს შსს-ს ანტიკორუფციული საააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ გივი ქაიხოსროშვილს ახალი ბრალდება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში წაქეზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების წაქეზების, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და ექსპერტებზე ზემოქმედების განხორციელებისათვის წარედგინა.

მისივე განმარტებით, ახალი ბრალდების წარდგენას საფუძვლად დაედო საქმეზე ჩატარებული "საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგი", რომელიც აგრარული უნივერსიტეტის საცდელი ბაზების სართიჭალის საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე 2013 წლის 17 ივლისს ჩატარდა.

"ZETOR PROXIMA POWER 120 მარკისა და NEW HOLLAND TD5 110 მარკის ტრაქტორების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ ექსპერიმენტის ოთხივე კომპონენტში, რაც მოიცავდა საცდელი ხნულების გატარებას, მიწის მოხვნას, ხნულების სიღრმესა და მოხვნის დროს NEW HOLLAND TD5 110 მარკის ტრაქტორმა მოიპოვა აბსოლუტური უპირატესობა. ექსპერიმენტის მიმდინარეობამ, რომელშიც გამოცდილების მქონე მექანიზატორები მონაწილეობდნენ, ცხადყო, რომ ZETOR PROXIMA POWER 120 მარკის ტრაქტორმა მიწის სამუშაოები შეფერხებით შეასრულა. საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგები გამყარებულია მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ, შორის მოწმეთა ჩვენებებით. ექსპერიმენტში მონაწილე NEW HOLLAND TD5 110 არკის ტრაქტორი, იმ ტრაქტორების გაუმჯობესებული მოდელია, რომელიც 2001-2002 წლებში, დავით კირვალიძის მინისტრობის პერიოდში იქნა შესყიდული სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ხოლო, ZETOR PROXIMA POWER 120 მარკის ტრაქტორი სწორედ ის მარკაა, რომლის საქართველოს ბაზარზე შემოყვანას უკვე 2012 წლის ბოლოს ერთობლივად ლობირებდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და შპს მექანიზატორის ხელმძღვანელები, ჩეხური კომპანიის წარმომადგენლობას კი საქართველოში შპს მექანიზატორის დირექტორთან - ვაჟა ნახუცრიშვილთან დაახლოებული პირი - ბრალდებული გივი ქაიხოსროშვილი ხელმძღვანელობდა", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. 

გიორგობიანის განცხადებით, ZETOR-ის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, გივი ქაიხოსროშვილმა და ვაჟა ნახუცრიშვილმა ზეტორის სათავო ოფისის წარმომადგენლებს შეაცვლევინეს თავისუფალი წვდომის ინტერნეტრესურსზე გამოქვეყნებული მახასიათებლები და "ხელოვნურად გააზრდევინეს ტრაქტორის ცხენის ძალა იმ ნიშნულამდე, რომელიც მინისტრის ბრძანებით შექმნილი და ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა ზეტორის სასარგებლოდ მიზანმიმართულად განსაზღვრეს".

 

კომენტარები