საქართველოს საკალათბურთო ნაკრები

ფაჩულიას შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს შესაძლოა შენგელიაც გამოაკლდეს

თორნიკე შენგელია

ბრუკლინ ნეტსისა და საქართველოს ნაკრების ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ, ორლანდოში გამართული კემპის დროს მუხლის ტრავმა მიიღო და შესაძლოა ოპერაცია დასჭირდეს. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიაში შეკრებაზე მიემგზავრება, სადაც შენგელიას მონაწილეობა სათუო გახდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე ნაკრების მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის კომენტარი გამოქვეყნდა.

"თორნიკე შენგელია ნაკრებს სლოვენიაში ვერ შეუერთდება. მას მუხლი ასტკივდა და "ბრუკლინის" ექიმების და მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. თორნიკეს მუხლში წყალი ჩაუდგა, რომელიც ორლანდოს კემპის დაწყებამდე ამოუღეს და მან თამაშებში მონაწილეობა მიიღო. მატჩების დროს ის მუხლმა შეაწუხა და კემპის დასრულების შემდეგ ექიმებმა გამოკვლევა ჩაუტარეს. სიტუაცია მარტივადაა - თუკი ტკივილი შეაწუხებს, ოპერაციას გაუკეთებენ, თუ 3-4 დღის ვარჯიშების შემდეგ მუხლი ნორმალურად ექნება, ქირურგიულ ჩარევას გადარჩება და ნაკრებს სლოვენიაში შეუერთდება. ვნახოთ, 3-4 დღე დალოდება მოგვიწევს. თუ ოპერაცია გაიკეთა, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაგვეხმარება", - განაცხადა უსტიაშვილმა.

 

კომენტარები