შეწყალება

პრეზიდენტმა თენგიზ გუნავა შეიწყალა

primetimenews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა და ნასამართლობაც მოუხსნა. მიხეილ სააკაშვილის განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის "ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, შეწყალებულ იქნეს თენგიზ გულის ძე გუნავა, დაბადებული 1976 წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 ივლისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ", "დ" ქვეპუნქტებით, 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და გათავისუფლდეს სასჯელის (თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა) შემდგომი მოხდისაგან და მოეხსნას ნასამართლობა", - ნათქვამია განკარგულებაში.

შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავა სამართალდამცავებმა პირველად 2012 წლის ნოემბერში იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. იგი სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გაათავისუფლა. გუნავა მაშინ აცხადებდა, რომ მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გუნავას საქმესთან დაკავშირებით ხუთი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მეორედ გუნავა სამართალდამცავებმა ნოემბრის ბოლოს დააკავეს, თუმცა ისევ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. სახელმწიფო თანხების გაფლანგვისთვის თენგიზ გუნავას სასამართლომ  4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პრეზიდენტმა მისი შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა დღეს, 30 ივლისს, პოლონეთის სეიმის წევრთან, ყოფილ პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები