საქართველო-რუსეთი

წულუკიანი: დიპლომატიური ურთიერთობები წინაპირობების გარეშე უნდა აღდგეს

თეა წულუკიანი

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე უნდა აღდგეს, - ამის შესახებ, სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რუსეთის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევის ინტერვიუზე, რომელშიც მან თბილისი 2008 წლის ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, თუ თბილისი "2008 წელს მომხდარ ფაქტს აღიარებს".

თეა წულუკიანის განცხადებით, "თუ სალაპარაკო მაგიდა ვერ გაიხსნა, ისე ჩვენ ვერცერთ თემაზე, მათ შორის ვერც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვისაუბრებთ საფუძვლიანად. ამიტომ დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს ყოველგვარი წინაპირობების, დათქმების და სანაცვლო დაპირებების გარეშე".

მინისტრის განცხადებით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფოა. "მეტიც, ის ახორციელებს მცოცავ ანექსიას. ჩვენ გვახსოვს მავთულხლართების ტრაგიკული ისტორია, როდესაც ისედაც შუაზე გაყოფილი სახლები და ქართული ტერიტორიები კიდევ ერთხელ მოხვდა მეორე მხარეს. ეს არის მოცემულობა და ამას ვერ შეცვლის ვერცერთი სახელმწიფოს ვერცერთი ხელმძღვანელის, მათ შორის, რუსეთის მმართველი რგოლების შეფასებითი მსჯელობა", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ გაწყვიტა. როგორც ძველი, ასევე ახალი ხელისუფლება აცხადებდნენ, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება მანამ, სანამ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარს არ იტყვის.

კომენტარები