ლევან კორტავას საქმე

ლევან კორტავას საქმეში ბრალდებულ პირებს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდათ

facebook.com/OfficialPOG

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გეგუთის #14 კოლონიის თანამშრომლებისთვის აღმკვეთი ღონისძიების განხილვის საკითხი დასრულდა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ლევან კორტავას საქმეზე ბრალდებულ ალეკო ბაბუნაშვილს, გიგა კოხოძესა და თენგიზ ნასარეიას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების ინსპექტორებს, გიგა კოხოძესა და ალექსანდრე ბაბუნაშვილს, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება წარედგინათ. ხოლო სად-ის #14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარეიას სსკ-ის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისთვის აპატიმრებენ.

გარდა ზემოაღნიშნული სამი პირისა, სასამართლომ პატიმრობა კიდევ რამდენიმე ბრალდებულს შეუფარდა. როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, სამსახურებრივი გულგრილობის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისთვის და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისთვის სად-ის #14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ილია შანშაშვილი დააკავეს. ასევე, ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირი გიორგი შემეზაშვილი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან 2013 წლის 7 ივნისს გათავისუფლდა. იგივე ბრალდება წარედგინათ დანაშაულის ჩამდენ სხვა პირებსაც - ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს და ნუგზარ ბუჩუაძეს, რომლებიც ამჟამადაც საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებიან.

2013 წლის 12 მაისს მსჯავრდებული ლევან კორტავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის #6 დაწესებულებიდან გეგუთის #14 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ციხეში მასსა და უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ ილია შანშაშვილს შორის ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა. შანშაშვილმა კონფლიქტური სიტუაციის გარკვევა მსჯავრდებულ შოთა სინაურიძეს დაავალა. კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად, ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შემდეგ განვითარებული შეშუპებისა და დარბილების გამო 23 მაისს გარდაიცვალა. 

კომენტარები