ტრაქტორების საქმე

"ტრაქტორების საქმეზე" დაკავებული ორი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ტრაქტორების" საქმეზე დაკავებული ცხრა პირიდან ორი - ვაჟა ნახუცრიშვილი და გივი ფარესაშვილი, კვლავ პატიმრობაში რჩება. წინასასამართლო სხდომაზე, პროკურატურამ აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე ვერ იშუამდგომლა, რადგან მოსამართლე მერაბ ჯორბენაძის გადაწყვეტილებით, მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა სამუშაო საათების დასრულებამდე ვერ მოესწრო. საკითხი 8 აგვისტოს 16:00 სთ-ზე გადაწყდება, იქამდე კი ნახუცრიშვილი და ფარესაშვილი კვლავ პატიმრობაში დარჩებიან.

სასამართლო სხდომა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ სასამართლოს მამუკა ივანიაძის დაკითხვის ოქმის საქმიდან ამოღების შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განაცხადა, რომ ივანიაძე პროკურატურის მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი გახდა და ჩვენებაც ზეწოლის ქვეშ მისცა, რის გამოც მისი საქმიდან ამოღება მოითხოვა.

ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, ამ საქმის მასალების დიდი ნაწილი საძიებო სისტემა Google-ის მეშვეობითაა მოპოვებული. გარდა ამისა, სამუშიას თქმით, სამართალწარმოების ენა სხვა ენაზე, გარდა ქართულისა, საქმის განხილვას არ ითვალისწინებს.

კომენტარები