2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: მზად ვიყავი უარი მეთქვა NATO-ზეც

საქართველო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ  2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტს დმიტრი მედვედევსა და პრემიერ ვლადიმირ პუტინს რამდენიმე წინადადება შესთავაზა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, იგი მზად იყო ყველა დათმობაზე წასულიყო, მათ შორის დაეთმო NATO-ში გაწევრიანება და უარი ეთქვა ამერიკასთან დაახლოებაზე, თუკი რუსეთი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას დათანხმდებოდა.

მიხეილ სააკაშვილი საუბრობს წერილებზეც, რომლებიც მან მედვედევს და პუტინს  მისწერა, სადაც კრემლს სთავაზობდა სხვადასხვა სახის ხელშეკრულებებს, რომლებიც რუსეთს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საკმაოდ დიდ პრივილეგიებს მიანიჭებდა.

"ამ წერილში მე ვეუბნები, ვიცი, გაქვთ ინტერესები - გუდაუთის ბაზა, სოხუმის აეროპორტი, მით უმეტეს - სოჭის ოლიმპიადისთვის, პორტი. ეს ყველაფერი მესმის, ჩვენ გვაქვს დევნილების შეყვანის პრობლემა, რადგან თქვენ დგახართ ენგურის ერთ მხარეს, ენგურს იქეთ კი ჩვენ ხალხს ვერ ვუშვებთ, მოდით, გადაინაცვლეთ რამდენიმე ათეული კილომეტრით კოდორზე, ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ, კოდორის ჩრდილოეთით ხდება, ამის სანაცვლოდ კი შევიყვანთ ჩვენს დევნილებს საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ და არა ქართულის, სამაგიეროდ, დაგიკანონებთ სოხუმის აეროპორტს, დაგიკანონებთ ყველა თქვენს ეკონომიკურ ინტერესს ბიჭვინთაში, გაგრაში, სოხუმში, სოხუმის რკინიგზით სარგებლობას, გავხსნით რკინიგზას სომხეთზე... ამაზე ბევრმა უცხოელმა თქვა, თქვენ, პრაქტიკულად, აფხაზეთის გაყოფას სთავაზობთო. რა თქმა უნდა, ეს აფხაზეთის გაყოფა არ იყო, რადგან ჩვენი სუვერენიტეტი რჩებოდა, მაგრამ დე ფაქტო ვაკანონებდით გრძელვადიანად მათ ინტერესებს ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი შეთავაზებების მიუხედავად, მან რუსეთის დათანხმება ვერ შეძლო.

"ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ, NATO–ზე უარი ვთქვათ, ხელშეკრულებით ვთქვათ უარი ამერიკასთან უფრო წინწასულ ურთიერთობებზე, თუ თქვენ დაგვეხმარებით ტერიტორიების მხრივ პროგრესზეო, ოღონდ ეს ხელშეკრულებით უნდა დაფიქსირებულიყო. ამაზე პუტინი არც დაფიქრებულა, შემოგვხედა, გაიღიმა და თქვა: ბიჭებო, ჩვენ თქვენს ტერიტორიებს, თქვენს გეოპოლიტიკურ ორიენტაციებზე არ ვცვლითო, რაც ნიშნავდა: ტერიტორიებს ისედაც წაგართმევთო", - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები