ეკონომიკის მინისტრი

ეკონომიკის მინისტრი მზად არის, ბაქრაძის წინადადებები განიხილოს

government.gov.ge

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მზადაა, შეხვდეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს და ეკონომიკაში სიტუაციის გამოსწორების მიზნით მათ მიერ შემოთავაზებული კონკრეტული წინადადებები განიხილოს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა გორში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამავე დროს, მისი თქმით, "ამას კონსტრუქციული ხასიათი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ... სამწუხაროდ, მათი გუნდიდან კვლავ ისმის დიდაქტიკური ტონით განცხადებები, რასაც მე არ მივესალმები".

შეგახსენებთ, დღეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მთავრობას ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესთავაზა, რისთვისაც ეკონომიკის მინისტრს შეხვედრის თაობაზე წინადადებით მიმართა.

დავით ბაქრაძის წინადადებები სამი ნაწილისგან შედგება - ეროვნული თანხმობის აქტის მიღება; ბიზნესისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება და საგადასახადო რეგულაციების გამარტივება.

კომენტარები