ჩეხეთი

ჩეხეთის პრემიერს შესაძლოა გადადგომა მოუწიოს

denik.cz

პრეზიდენტ მილოშ ზემანის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული ჩეხეთის ახალი მთავრობა ნდობის ვოტუმის დაკარგვის ზღვარზეა. მიზეზი პრეზიდენტსა და პარტიებს შორის არსებული პოლიტიკური კრიზისია, რომელიც ივნისის შემდეგ სულ უფრო მწვავდება.

ივნისში ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგობის მიუხედავად,  ზემანმა თავისი დიდი ხნის მოკავშირე ეკონომისტი ჟირი რუსნოკი პრემიერმინისტრად დანიშნა, მისმა მოწინააღმდეგეებმა ამ ნაბიჯს დემოკრატიის პრინციპების დარღვევა უწოდეს.

პრეზიდენტი მემარცხენე პოლიტიკოსების მხარდაჭერას კვლავ ინარჩუნებს, ზემანს სამი პარტია მხარს უჭერს, მაგრამ 200 კაციან ქვედა პალატაში უმრავლესობის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ არის.

ზემანის განცხადებით, ის არ აპირებს რუსნოკის გადაყენებას, მანამ სანამ პოლიცია არ დაასრულებს კორუფციული გარიგების შესახებ გამოძიებას, რომელსაც ჩეხეთის წინა, მემარჯვენე ცენტრისტული მთავრობა ემსხვერპლა.

მემარჯვენე ცენტრისტების კოალიცია კი აცხადებს, რომ მათ ქვედა პალატაში 101 ხმა აქვთ, რაც ახალი მთავრობის ფორმირების უფლებას აძლევს.

ნდობის ვოტუმის დაკარგვის შემთხვევაში რუსნოკს გადადგომა მოუწევს, თუმცა ახალი მთავრობის ფორმირებამდე პრემიერმინისტრის პოსტს შეინარჩუნებს.

პოლიტიკური კრიზისი ჩეხეთის ბიუჯეტზეც უარყოფითად აისახა, რომელიც 2011 წლიდან ისედაც  რეცესიას განიცდის. 

კომენტარები