განათლება

განათლების ხელმისაწვდომობა

გია ჯანდიერი
0 კომენტარი

„მთავრობა პრობლემას ვერ გადაჭრის, მთავრობა თვითონაა პრობლემა".

რონალდ რეიგანი

გავრცელებული აზრის მიხედვით, რაც მეტ ფულს ხარჯავს ქვეყანა განათლებაზე, მით უკეთესია. მაგალითად, ბევრი თვლის, რომ თუ განათლებაზე მთავრობის ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს (5%-ს, 7%-ს, და ა.შ. – გააჩნია ფანტაზიას) აღემატება, მაშინ ქვეყანას ეშველება. უკეთეს შემთხვევაში, ამ აზრის უკან იგულისხმება, რომ განათლების გარეშე გლობალური კონკურენციის გადალახვა გაძნელდება.

ასეთი მოსაზრების მქონე ადამიანებს, როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ ხარჯების გაზრდა ავტომატურად გააუმჯობესებს განათლების ხარისხს. ალბათ მკითხველს ესმის, რომ ეს ფანტაზიაა, მაგრამ ყველა სხვა ვერსია უარესად ჟღერს – თუ არა ხარისხის გაუმჯობესება, ჩემთვის პირადად გაუგებარია, რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს მეტი ფულის დახარჯვას. ამ თემაზე არსებობს სხვადასხვა კვლევები და ზოგიერთი მათგანი გადაჭრით უარყოფს ასეთ პირდაპირდამოკიდებულებას (მაგალითად: Can Money Buy Better School? Hanna Skandera and Richard Sousa, Hoover Institution, 2002).

ამასთან დაკავშირებით მახსენდება, როგორი გაოცებული იყვნენ სტუდენტები, როდესაც მათ ვუთხარი: თქვენი კონკურენტები არ არიან მხოლოდ ქართველი ეკონომისტები, იურისტები ან ბუღალტრები, და არც მხოლოდ თურქები ან რუსები. თქვენი პირდაპირი კონკურენტები ამერიკელები და ევროპელები არიან. საგულისხმოა, როგორ მარტივად მუშაობს ეს სქემა – ინვესტორი, რომელიც ვერ აღმოაჩენს საქართველოში მისთვის სასურველი კვალიფიკაციის იურისტს, ეკონომისტს და ბუღალტერს (მუშას, პროგრამისტს და ა.შ.), უბრალოდ უარს იტყვის საქართველოში ინვესტირებაზე, რადგან მას წარმატება აინტერესებს და არა უბრალოდ ფულის ხარჯვა (მით უმეტეს, ბევრი ფულის).

შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტი დიდ დარტყმას მიაყენებს განათლებას. კერძოდ, თუ ახალგაზრდების სამსახურში აყვანა გართულდება, მათ განათლების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აღარც ექნება – რაც უფრო დიდხანს დარჩებიან უსაქმოდ, მით მალე დაკარგავენ კვალიფიკაციას.

როდესაც ვაშლს ყიდულობთ, გაფუჭებული ვაშლის ყიდვას აზრი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რამდენად იაფია ის – ეს იმ ხალხის გასაგონად, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ხელფასის დაბალი დონე ავტომატურად მოიზიდავს ინვესტორებს. მათსავე გასაგონად, შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტი დიდ დარტყმას მიაყენებს განათლებას. კერძოდ, თუ ახალგაზრდების სამსახურში აყვანა გართულდება, მათ განათლების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აღარც ექნება – რაც უფრო დიდხანს დარჩებიან უსაქმოდ, მით მალე დაკარგავენ კვალიფიკაციას.

რასაც ვერასდროს გავიგებ, ეს არის უნივერსიტეტში სწავლაში ძლივს ნაშოვნი ფულის გადახდა და მერე ლექციების გაცდენა. შეიძლება იფიქრო, ლექციების ხარისხი იმდენად დაბალია, სტუდენტებს არ სჯერათ ამ ლექციებზე დასწრების სარგებლის და ამიტომაც აცდენენო. თუმცა ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია. მეორე ნაწილი ისაა, როცა სტუდენტებს არ სჯერათ, რომ ამ ლექციებზე მიღებული ცოდნით ცხოვრებაში წარმატებას მიაღწევენ და ყველაფერი იღბალსა და კეთილ ბიძიებზეა დამოკიდებული. მათთვის სამწუხაროდ, ეს მთლად ასე არ არის და ყველა გამართულ ბიზნესს დღეს სხვა პრინციპი მართავს, რომლისთვისაც მთავარია ხარისხი. ამას კონკურენცია განაპირობებს.

განათლებას (ცოდნას) რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ იდეას ალბათ მოწინააღმდეგე ცოტა ჰყავს. თუმცა ამაზე უფრო რიტორიკულად საუბრობენ, დაახლოებით ასე: დრო ფულია. და იშვიათად არკვევენ, რას ნიშნავს ეს მოკლე გამონათქვამი. ჩემი აზრით, ეს ფრაზა ნიშნავს: დრო ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, მას უკან ვერ დააბრუნებ, ის მხოლოდ იხარჯება და არ ანაზღაურდება. შეიძლება იკითხოთ, რა შუაშია ეს განათლებასთან?

მოდი, ისევ განათლებას მივუბრუნდეთ, ოღონდ არარიტორიკულად. განათლება იმისთვის კი არაა საჭირო, რომ მშობლებს უხაროდეთ განათლების მქონე შვილების ყოლა, არამედ იმისთვის, რომ ამან მათ შვილებს კონკურენტუნარიანობა და წარმატება მოუტანოს. ხშირად იხსენებენ, რომ მსოფლიოს მილიარდერების პირველ ოცეულში რამდენიმე ადამიანია, ვისაც უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია და, მით უმეტეს, სამეცნიერო ხარისხი არ აქვს. Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ზუსტ კავშირშია ჩემს ორ ფორმულასთან: განათლება მნიშვნელოვანია და დრო ფულია – მან უნივერსიტეტი მიატოვა მაშინვე, როგორც კი გაარკვია, რომ დროს აცდენდა, იმისთვის საკმარი ცოდნა კი, რომელიც წარმატებას მოუტანდა, უკვე ჰქონდა და თუ უნივერსიტეტში დარჩებოდა, დაკარგულ დროს უკან ვერ დაიბრუნებდა, ვიღაც მის ადგილს დაიკავებდა ბიზნესში (ვინმემ სცადოს და დამიმტკიცოს, რომ ბილ გეიტსი დაუნათლებელი დარჩა). ღირს თუ არა ამერიკულ კოლეჯში 200 ათასი დოლარის გადახდა? უბრალოდ „დაგუგლეთ" და ნახავთ, რამდენად ხშირად ისმის ეს კითხვა (მაგალითად: Are Colleges Worth the Price of Admission?, Andrew Hacker, Claudia Dreifus, 2010, chronicle.com).

გადაწყვეტილებათა და მოქმედებათა კონკურენტუნარიანობა ის საკითხია, რომელსაც ხშირად ვახსენებ ხოლმე. არასოდეს მომბეზრდება ვისაუბრო იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს საკუთარი მონეტარული პოლიტიკა და ფულის ერთეული აქვს, ეს აუცილებლად კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, მას შეუძლია უზომოდ დიდი ზიანი მიაყენოს ეკონომიკას და ხალხს. ეს ალბათ ადვილად გასაგებია, თუმცა როდესაც საქმე საქმეზე მიდგება, ბევრი პროტესტს გამოთქვამს – საკუთარი ფულის ერთეულის არსებობას ღირსების საქმედ მიიჩნევენ. პოლიტიკოსები კი ამას პოლიტიკურ სარჩულს დაუდებენ, მოჰყვებიან პროპაგანდას და საკითხის უკიდურესი პოლიტიზებით მას ემოციურ ირაციონალობაში გადაისვრიან.

ალბათ მიხვდით, საითაც მიმყავს საუბარი. განათლებაში დღეს სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვართ. ბოლო წლებში მოსახლეობა ნელ-ნელა მიეჩვია აზრს, რომ მთავრობისაგან არ შეიძლება ბევრს ელოდო. მას არც შესაძლებლობა აქვს და არც უნარი, უახლოეს ხანებში კონკურენტუნარიანი განათლება შექმნას. რომ არა წმინდა პოლიტიკური პროპაგანდა, ხალხი უკვე დიდი ხნის წინ უარყოფდა სახელმწიფოს როლს.

მოდი, ასეთი კუთხით დავინახოთ ეს: რამდენი ქართველი კურსდამთავრებული შეძლებს საკუთარ კოლეგებთან კონკურენციას, მაგალითად, თურქეთიდან. ალბათ, არც ისე ბევრი. თურქეთი არ არის ყველაზე სერიოზული კონკურენტი, თუმცა ყველაზე ახლოსაა და მისი კონკურენტუნარიანობა დღითი დღე უმჯობესდება. კონკურენტუნარიანობა არ არის უბრალოდ პანაცეა, იგი გვიჩვენებს, რამდენად სწორად ვმოქმედებთ, გვექნება თუ არა შედეგები, დაინტერესდებიან თუ არა ინვესტორები, იქნება თუ არა ჩვენი ბიზნესი წარმატებული, გაჩნდება თუ არა საქმე და სამუშაო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, იმის მიზეზი, რომ ჩვენთან ბევრ ფულს არ დებენ, სხვა სერიოზულ რისკებთან ერთად, ისიცაა, რომ ინვესტორები ვერ ხედავენ სათანადო ადამიანურ რესურსებს და ურჩევნიათ უფრო ძვირი გადაიხადონ, რომ ღირებული სერვისი მიიღონ.

იმის მიზეზი, რომ ჩვენთან ბევრ ფულს არ დებენ, სხვა სერიოზულ რისკებთან ერთად, ისიცაა, რომ ინვესტორები ვერ ხედავენ სათანადო ადამიანურ რესურსებს და ურჩევნიათ უფრო ძვირი გადაიხადონ, რომ ღირებული სერვისი მიიღონ.

რამდენად მალე შეიძლება საქართველომ კონკურენტუნარიანი განათლება შექმნას? ეს მაშინ მოხდება, როდესაც ილუზიებიდან გამოვიღვიძებთ და არ გვეგონება, რომ შეიძლება 1,000 დოლარად იყიდო იმავე ხარისხის განათლება, რომელსაც 50,000-ად ყიდულობენ. ზოგჯერ, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, გვეუბნებიან, რომ სინამდვილეში განათლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია და მთავრობას არ შეუძლია უარი თქვას ამაზე. ხალხი მთავრობას არ მოუწონებს უმოქმედობას და ისიც ცდილობს, სხვადასხვა მეთოდებით დააჯეროს, რომ ესმის საკითხის მნიშვნელობა და ყველაფერს აკეთებს პრობლემის გადასაწყვეტად. მომავალში, სხვა მთავრობებიც ასე მოიქცევიან, ხოლო ვისაც პროპაგანდის აღარ სჯერა, ისედაც ეცდება შვილების უცხოეთში გაშვებას.

აქედან ორი გამოსავალი არსებობს:

პირველი: საქართველო დავკეტოთ და არც უცხოელი შემოვუშვათ და არც უცხოური პროდუქცია. ამ შემთხვევაში, კონკურენცია აღარ იქნება და განათლებაც მიაღწევს საუკეთესო შედეგებს – ყველა განათლებული გვეყოლება და თანაც იაფად (ან უფასოდ). ასე იყო საბჭოთა კავშირში, რომელიც იმდენად არაკონკურენტუნარიან განათლებას იძლეოდა, რომ მხოლოდ ბუნებრივი რესურსების ხარჯზე არსებობდა და როგორც კი დაიშალა, ყველაფერი უცებ გაჩერდა.

კი, მართალი ხართ, საქართველოს ვერ დავკეტავთ (თუნდაც იმიტომ, რომ ბუნებრივი რესურსები არ გვაქვს), ამიტომ:

მეორე – კონკურენტუნარიანი განათლება ნელ-ნელა გაჩნდება, მაგრამ ვერ იქნება იაფი და, მით უმეტეს, უფასო (ან ხელმისაწვდომი). ხელმისაწვდომი განათლება არის უხარისხო, რომლითაც ვერც ბიზნესს დაიწყებთ (ამას სჯობს უნივერსიტეტის ნაცვლად ბაზრობაზე იმუშაოთ) და ვერც სამუშაოს იშოვით. „უფასო" და „იაფი" განათლება თუ სადმე არსებობს, ეს მთავრობის ილუზიონისტობის მიღწევაა – სინამდვილეში, ფულს გადასახადის გადამხდელები იხდიან. განსხვავება ნათელი რომ იყოს – იქაური გადასახადის გადამხდელები ჩვენსაზე 10-15-ჯერ მეტ შემოსავალს იღებენ და 2-3-ჯერ მაღალ გადასახადს იხდიან, ეს კი ჩვენს შესაძლებლობებს მრავალჯერ აღემატება.

იმისთვის, რომ ამ გზამ გაამართლოს, საჭიროა ორი რამ:

– განათლების სრული რაციონალიზაცია. გინდა? იხდი და გაქვს (როგორც ელექტროენერგიის შემთხვევაში მოხდა).

გადახდა შესაძლებელია, თუ ამის სურვილი არსებობს. შეგახსენებთ, რომ უამრავი ადამიანი ახერხებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ფულის შოვნასაც. თუ, მაგალითად, რომელიმე ბანკი სესხს არ გაძლევთ უნივერსიტეტში სწავლისთვის, ეს ნიშნავს – ან უნივერსიტეტი არ ვარგა, ან თქვენს უნარებში ეპარება ეჭვი.

– ფასი უნდა მოძრაობდეს საშუალო მსოფლიო დონისკენ.

სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნება მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი თუ ქართველი მასწავლებლების დაქირავება.

და მაინც, შეიძლება იკითხოთ, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი საუნივერსიტეტო განათლების კონკურენტუნარიანობის ზრდა ამ პირობებში? ცხადია, ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ამის გამოსწორება ადვილია და ეს მალეც ვერ მოხდება. მთავარია ერთი რამ: იმისთვის, რომ ჩვენი ფული, რომელსაც განათლებისთვის გავიმეტებთ, მაქსიმალურად ეფექტიანად მუშაობდეს, საჭიროა:

– ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც კარგად გაფილტრავს, ვის უნდა სწავლა და წარმატება და ვის – დიპლომი და „ჩალიჩი".

– ყველაზე ეფექტიანი მონიტორინგის შექმნა, რომელიც გააკონტროლებს ხარისხს, რესურსების გამოყენებასა და შედეგებს.

– გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და ინვესტორების და სპონსორების დაინტერესება.

– საკრედიტო ინსტიტუტების დარწმუნება.

– კერძო მეწარმეობის (entrepreneurship) პროპაგანდა, რომელსაც არ სჭირდება უნივერსიტეტის დიპლომი.

ამ და სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებს თუ გადახედავთ, ერთი რამ თვალში ადვილად მოგხვდებათ – არცერთი ამ ფუნქციის შესრულება მთავრობას არ შეუძლია. თუმცა არ შეგეშინდეთ, საქმე არცთუ ისე ცუდადაა. სინამდვილეში, ცუდად საერთოდ არაა. არსებობს ამ საქმის ორგანიზების და ფინანსირების სხვადასხვა უტყუარი წყაროები და თუ სქემა წარმატებულად იმუშავებს, მაშინ ეს ფინანსირება მუდმივად გაიზრდება:

  1. მთავრობისგან დაბრუნებული რესურსი. ის ფული, რომლის დახარჯვასაც მთავრობა აპირებს – საჭიროა გადასახადები შემცირდეს და ეს ფული ხალხს დარჩეს. თანხა ათეულობით მილიონ ლარს შეადგენს.
  2. უნივერსიტეტების საკუთარი აქტივები, რომელთა გამოყენება არ ხდება. მაგალითად, შესაძლებელია რომელიმე შენობა საოფისედ გაიცეს, ან გირაოთი, შემოსული თანხები ნელ-ნელა მოგროვდეს ფონდში (endowment), რომელიც ყოველწლიურად გადაუხდის უნივერსიტეტს მიღებულ თანხებს.
  3. სესხები, რომელსაც უნივერსიტეტები მიიღებენ, თუ ბანკებს წარმატების მიღწევის გეგმას წარუდგენენ. (სხვათა შორის, ეს კარგი გამოსაცდელი მეთოდია – თუ ბანკი სესხს არ იძლევა, ესე იგი, ამ უნივერსიტეტს წარმატების შანსიც არ აქვს, მისი პროდუქცია საეჭვოა.)
  4. სესხები, რომელიც შეიძლება მიიღონ სტუდენტებმა. (აქაც იგივე შეიძლება ითქვას – ვინ მისცემს სტუდენტს სესხს უხარისხო განათლების მისაღებად? თუ სტუდენტი საკუთარ ქონებას ჩადებს სესხის გარანტირებისათვის, თვითონვე იქნება დაინტერესებული შედეგით).
  5. მოსახლეობის წყაროები, რომელსაც ოპტიმიზაციას გაუკეთებენ, თუ ეცოდინებათ, რომ ფული, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლისთვის გაიმეტებენ, უკეთეს შედეგს მოიტანს, ვიდრე ამ ფულის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში.
  6. კერძო კომპანიების პიროვნული დაფინანსება წარმატებული სტუდენტებისთვის, მომავალში მათი სამსახურში აყვანის მიზნით.
  7. კერძო კომპანიების და პირების შემოწირულობები.
  8. უნივერსიტეტების რესურსების გადანაწილება, გადახდისუუნარო, მაგრამ წარმატებული სტუდენტებისთვის.

ცხადია, არსებობს სხვა წყაროებიც, რომელიც მკითხველმა შეიძლება თვითონ დაამატოს, თუმცა, ყველამ უნდა გაითვალისწინოს:

– პირადი მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის გარეშე განათლების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია. განათლება პირადად უნდა იყიდო და დააკვირდე, რას ყიდულობ.

– პოლიტიკოსები ხშირად იძულებული არიან შეუსრულებადი დაპირებები გასცენ, მათი პასუხისმგებლობა საარჩევნო ციკლითაა შემოფარგლული; ახალი მინისტრი ახლებურად აზროვნებს, მიუხედავად იმისა, რომელი პარტიიდანაა, რაც ნიშნავს პროცესის სერიოზულ რყევას და არაეფექტიანობას.

– ბიუროკრატები არ არიან საუკეთესო ექსპერტები, მათი ცოდნა ვერასდროს შეედრება ბაზარზე არსებულ ინფორმაციას, ხოლო მათი მოტივაცია, რაიმე კარგად აკეთონ – დაბალია, რადგან მათ კონკურენტები არ აწუხებენ.

– მხოლოდ კერძო სექტორს აქვს რესურსების მოძიების და მობილიზაციის მექანიზმები, უკეთესად გამოყენების და ხარჯვის გაკონტროლებისათვის.

საუნივერსიტეტო განათლების ხელოვნური ხელმიწვდომადობა სახელმწიფოს (სხვის) ხარჯზე, პირიქით, სფეროს საბოლოოდ ჩააჭაობებს. შესაბამისად, დავკარგავთ მისი გაუმჯობესების შანსს, გავფლანგავთ უამრავ დროს და რესურსს, შევქმნით კორუფციის უამრავ ბუდეს და, სამაგიეროდ, გავხდებით ყველაზე დიპლომიანი ერი მთელ მსოფლიოში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები