წყალდიდობა გურიაში

ურეკში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს

წყალდიდობა ურეკში
gurianews.com

როგორც გურიის სამხარეო სამაშველო სამსახურში სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, სტიქიის შედეგად დატბორილი სახლებიდან ურეკში, მსუბუქი ავტომანქანების გამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურის ცნობით, ისინი მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ ადგილობრივებისა და დამსვენებლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანას.

"მთელი ღამისა და დღის განმავლობაში, გურიის სამაშველო სამსახური სრული შემადგენლობით მუშაობს. მიმდინარეობს მოსახლეობის გამოყვანა დატბორილი ადგილებიდან, ასევე, ავტომანქანების გადატანა უსაფრთხო ადგილზე. დავიწყეთ და ინტენსიური წვიმის შეწყვეტისთანავე მთლიანად მოვახდენთ დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვას", - განაცხადა სამაშველო სამსახურის ცვლის უფროსმა ბესიკ ქინქლაძემ. ურეკში კვლავ გადაუღებლად წვიმს, წყალდიდობის გამო დამსვენებლები საკურორტო ზონას ტოვებენ.

დაბა ურეკში ძლიერი წვიმის შედეგად საკურორტო ზონის დიდი ნაწილი დაიტბორა. ჯერ-ჯერობით არ არის დათვლილი ზარალი, რომელიც სტიქიამ გურიას მიაყენა.

კომენტარები