საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ხადური ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს მიმართავს

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, მისი უწყების ყველა თანამშრომლისთვის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საარჩევნო კოდექსის ზოგიერთი მოთხოვნის დასაცავად სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. მიმართვაში დეტალურადაა ჩამოთვლილი ის უფლებები და მოვალეობები, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო მოხელეს აქვს წინასაარჩევნო პერიოდში.

ხადურის მიმართვაში აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მომუშავე საჯარო მოხელეებს უფლება არ აქვთ მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) სამუშაო საათების განმავლობაში ან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების, სამსახურების, ბიუროს) და სამმართველოების ხელმძღვანელებს ეკრძალებათ, იყვნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.

არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

"საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა, მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით.

ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა (გარდა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული სამუშაოს შესრულებისა ან მომსახურების გაწევისა), რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციას.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება;

არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით, აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, კერძოდ, აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის, როგორცაღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოსთვის, მნიშვნელოვანია მთავრობის პრიორიტეტი - საპრეზიდენტო კამპანია ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში და მზადაა სრულად დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.

კომენტარები