ცენტრალური საარჩევნო კომისია

პრეზიდენტი კოჟორიძეს, ლომჯარიასა და გიგაურს შეთავაზებით მიმართავს

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil?fref=ts

საქართველოს პრეზიდენტი ცესკოს ახალი თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარის გადადგომიდან ორი კვირის განმავლობაში ცესკო ჩვეულებრივად, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით მუშაობს, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ახალი თავმჯდომარე რაც შეიძლება მოკლე პერიოდში იყოს არჩეული.

"ჩვენ დავანახეთ ყველას, საქართველოს შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს შესწევს ძალა ჩაატაროს დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ამაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საარჩევნო ადმინისტრაციამ. სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციებისადმი ნდობა განაპირობებს მთლიანად არჩევნებისადმი ნდობას. შესაბამისად, ცესკოს ახალი თავმჯდომარის არჩევა ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია", - აცხადებს პრეზიდენტი.

სააკაშვილის თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, წარადგენს პრეზიდენტი.

"მინდა განვაცხადო, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის, სურვილიც და ვალდებულებაც არის, კონსულტაციების პროცესი გაიმართოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, რომლებსაც აქვთ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების გამოცდილება და საზოგადოების ნდობა. მე მინდა პირდაპირ შევთავაზო სამართლიან არჩევნებს - ნინო ლომჯარიას, საერთაშორისო გამჭვირვალობას - ეკა გიგაურს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას - კახა კოჟორიძეს, მზად ვარ წარვადგინო პირადად ნებისმიერი თქვენთაგანის კანდიდატურა ან ნებისმიერი პირი, რომელიც თქვენს ერთიან, შეთანხმებულ კანდიდატად იქნება წარმოდგენილი. მზად ვარ, მომავალ კვირაში, ყოფილი თავმჯდომარის გადადგომის კანონიერად ძალაში შესვლის შემდეგ, გავმართო კონსულტაციები თქვენთან და სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერ სხვა წარმომადგენლებთან", - აცხადებს სააკაშვილი. 

 

კომენტარები