სირიის კონფლიქტი

შესაძლოა, აშშ-მა და ევროპამ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს

bbc.co.uk

 აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, აცხადებს, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების უტყუარი ფაქტებია აღმოჩენილი. მისი თქმით, მცირეა იმის შანსი, რომ ქიმიური იარაღი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის გარდა, ვინმე სხვას გამოეყენებინა.

”გასულ კვირას სირიაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო უნდა შეძრას. ეს ჩვენი მორალური ღირსების საქმეა. უდანაშაულო მოქალაქეების ჟლეტა, ქალებისა და ბავშვების ქიმიური იარაღით დახოცვა ამორალური საქციელია. ნებისმიერი სტანდარტით, ეს უპატიებელია.” - აღნიშნავს ჯონ კერი.

ევროპის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ვაშინგტონი სამხედრო ინტერვენციისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ისრელი და გერმანია სირიაში საომარი მოქმედების დაწყებისთვის მზადყოფნას აცხადებენ. ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, კევინ რადმა, დასავლეთს მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ დამნაშავეები მკაცრად უნდა დაისაჯონ.

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, მხარდამჭერად რუსეთი რჩება. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დამასკოში გაეროს ექსპერტებს, ქიმიური იარაღის კვალი არ აღმოუჩენიათ და ქვეყანაში სამხედრო ინტერვენცია დაუშვებელია. შეგახსენებთ, რომ რუსეთი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ადგილის გამოკვლევის სასტიკი წინააღმდეგი იყო.

სირიის სამოქალაქო ომში სამხედრო ჩარევის წინააღმდეგია ჩინეთიც. თუმცა, მიიჩნევს, რომ გაერომ ქიმიური იარაღის გამოყენების კვალის ძებნა უნდა განაგრძოს.

გაეროს ექსპერტების ჯგუფს დღესაც უნდა გაეგრძელებინა ქიმიური იარაღის გამოყენების ახალი მასალის ძიება. თუმცა, უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო, გამოკვლევები გადადეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ სამხედრო ექსპერტების მანქანას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთთან სირიის თემაზე დაგეგმილი კონფერენციის მოსამზადებელი დიპლომატიური შეხვედრა გადადო. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ადეკვატური პასუხის გაცემის შესახებ მსჯელობის გამო გადაიდო. 

 

კომენტარები