რელიგია

ბოლო ჟამის შემდეგი პატრიარქი

როცა იერარქი ძალიან დიდი ხნის მანძილზე მართავს ეკლესიას, კათედრა მის გარეშე თითქმის წარმოუდგენელი ხდება. 26-წლიანი პონტიფიკატის დასრულების შემდეგ, როცა პაპი იოანე პავლე მეორე გარდაიცვალა, კათოლიკე ეკლესიაში უკვე გაზრდილი იყო რამდენიმე თაობა, რომელთაც წინა პაპები არ ახსოვდათ და შემდეგზე საუბარი ერთგვარ უხერხულობას უქმნიდათ. კათოლიკე ეკლესიის შიგნით, ახალი პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტის კრიტიკაც ბევრად ადვილი გახდა – იოანე პავლე მეორის მმართველობის სტილთან მისი პონტიფიკატის შედარების შესაძლებლობის გამო. დასავლეთში ამას „გრძელი პონტიფიკატის" ეფექტი შეარქვეს, როცა ინსტიტუცია და პიროვნება ერთმანეთთან წლების მანძილზე იმდენად იგივდება, რომ პიროვნების დასასრული შოკურ ეფექტს იწვევს.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკვე 35 წელია მართავს საქართველოს ეკლესიას. მისი წინამორბედი, დავით მეხუთე დევდარიანი, აღარავის ახსოვს. ვინც 1970 წლის აქეთ დაიბადა, მისთვის ერთადერთი შესაძლო პატრიარქი კვლავ ილია მეორეა. ამ დროის მანძილზე, ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა. ბრეჟნევი, ანდროპოვი, ჩერნენკო, გორბაჩოვი, გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი... ეს იმ საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერების ჩამონათვალია, რომლებიც მიდიოდნენ და მოდიოდნენ, მცხეთა-თბილისის კათედრაზე კი კათოლიკოსი ილია რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი პატრიარქისთვის მერვე „კეისარია", რომლის მმართველობის დროსაც ეკლესიის საჭეს მართავს.

ბუნებრივია, სანამ პირველიერარქი ცოცხალია, მის მემკვიდრეზე საუბარს გარკვეული უხერხულობა ყოველთვის ახლავს თან, თუმცა პაპ ბენედიქტეს გადადგომამ დაადასტურა, რომ შესაძლოა, ეს არც იყოს ასეთი უხერხული. ბოლოს და ბოლოს, კათოლიკოს-პატრიარქსაც აქვს გადადგომის უფლება.

დასავლეთში, ყოველი ახალი პაპის არჩევის დღიდან, მედია იწყებს მისი სავარაუდო მემკვიდრეების სიის შედგენას. პაპაბილები – შესაძლო პაპები, ასე ეძახიან იმ კარდინალებს, რომელთაც პეტრეს კათედრაზე ასასვლელად ყველაზე დიდი შანსი აქვთ. რასაკვირველია, პრესა არაერთხელ შემცდარა და შეცდა უკანასკნელი კონკლავის დროსაც, მაგრამ საზოგადოების მაღალი ინტერესი მას აიძულებდა და აიძულებს, ამ თემის გაშუქებაზე უარი არ თქვას.

ჩვენს შემთხვევაში, საჯაროდ იშვიათად ან საერთოდ არ საუბრობენ პატრიარქის შესაძლო მემკვიდრეებზე. პატრიარქაბილებზე, როგორც ჩვენ შეგვიძლია მათ ვუწოდოთ. მრავალი სასულიერო პირი დიდი ხნის მანძილზე ავრცელებდა წინასწარმეტყველებას, რომ ილია მეორე ბოლო ჟამის პატრიარქია, ხოლო კათოლიკოს-პატრიარქი ამ გავრცელებული რწმენა-წარმოდგენის წინააღმდეგ არასდროს გამოსულა. მეტიც, ილია მეორემ საკუთარი გამონათქვამებით კიდევ უფრო წაახალისა ეს ესქატოლოგიური შიში. თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, საბოლოოდ, ეს აპოკალიფსიც გადაიდება და ყველა დავსვამთ კითხვას: ვის აირჩევენ და როგორ აირჩევენ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  1. ეროვნებით უნდა იყოს ქართველი,
  2. უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი,
  3. უნდა ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება,
  4. ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა,
  5. უნდა იყოს ბერი.

ამ დროისთვის ასაკობრივი შეზღუდვა სინოდის ოთხ წევრს ეხება. ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე და ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე რამდენიმე წელია გადასცდნენ ზედა ზღვარს. 40 წლისთვის ჯერ არ მიუღწევიათ ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკსა და ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს. ორთავე საპატრიარქო კანდიდატობისთვის დაწესებულ მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს ორ წელიწადში მიაღწევს.

Metropolitan Sergios Chekurishvili, Metropolitan Job Akiashvili

შეუძლებელია იმის დადგენა, ვის არ აქვს საღვთისმეტყველო განათლება სინოდის წევრთაგან, რადგან ამგვარი კრიტერიუმი ეპისკოპოსად გამორჩევისთვის დაწესებული არ არის და საქართველოს ეკლესიის სემინარია-აკადემია უპრობლემოდ გასცემს დიპლომს ნებისმიერ, უკვე გამორჩეულ მღვდელმთავარზე. ამასთან, ზოგიერთი მღვდელმთავარი უცხოურ მართლმადიდებლურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაუსწრებლად სწავლობს. შესაბამისად, ეს კრიტერიუმი არსებითად ფორმალობაა.

აღსანიშნავია ისიც, რომ განსხვავებით კათოლიკე ეკლესიისგან, სადაც პაპად ფორმალურად შეიძლება გამოირჩიონ ნებისმიერი კათოლიკე მამაკაცი, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება, საქართველოს ეკლესიაში პატრიარქი შეიძლება გახდეს მხოლოდ მღვდელმთავარი. ამ შანსს ფორმალურადაც არ ფლობენ სადიაკვნე და სამღვდელო ხარისხის მქონეები.

ასევე შეუძლებელია იმის დადგენა, არის თუ არა წმინდა სინოდში „არაქართველი" კანდიდატი, რადგან საქართველოს ეკლესიის პირველიერარქობის კანდიდატს მოეთხოვება იყოს ქართველი. 1995 წელს ჩატარებულმა გაფართოებულმა კრებამ ის ნუმერაციით პირველ კრიტერიუმად დაადგინა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეროვნულობა მოქალაქეობას აღნიშნავს და არა ეთნიკურობას, იმ დროის კანონმდებლობით ეროვნულობა და ეთნიკურობა გაიგივებული იყო. იერარქები ამ ჩანაწერს სწორედ ეთნიკურ შეზღუდვად განმარტავდნენ წლების მანძილზე და ამის გამო კრიტიკასაც იმსახურებდნენ კანონისტებისგან. არ არსებობს პასუხი კითხვაზე, რა გზებით აპირებს პატრიარქის ამრჩევი კრება კონკრეტული პირის ეთნიკური წარმომავლობის დადგენას, თუ სინოდზე ეს პრობლემურ საკითხად დაისვა. აღნიშნული ჩანაწერი მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ლოგიკური წინააღმდეგობების გამო, არამედ საეკლესიო სამართლის თვალსაზრისითაც. მით უმეტეს ახლა, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულსაც ატარებს.

გამოდის, რომ თუ ქრისტიანთა ღმერთი, რომლისთვისაც არ არსებობს „არც იუდეველი და არც ბერძენი", გადაწყვეტს, დედამიწის ამ მხარეში თავისი ეკლესია ეთნიკურად არაქართველს ჩააბაროს, 90-იან წლებში მიღებული მართვა-გამგეობის დებულება მას ამაში ხელს შეუშლის.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, პატრიარქისვე დადგენილი ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. იმ შემთხვევაში, თუ მოსაყდრე დადგენილი არ არის, ქიროტონიით უპირატესი, ანუ ის, ვინც ყველაზე ადრეა ნაკურთხი ეპისკოპოსად, ავტომატურად იკავებს ამ თანამდებობას. ასეთი საქართველოს ეკლესიაში, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტი თადეოზია, რომელსაც სამონაზვნო აღთქმა აქვს გატეხილი და, შესაბამისად, ოდიოზურ ფიგურად მიიჩნევა თავად ეკლესიის შიგნითაც.

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი, სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით, მოვალეა გახსნას კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებული ანდერძი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობა გამოაცხადოს. თუ ასეთი ანდერძი არ არსებობს ან ანდერძში არ არის მოხსენებული მოსაყდრის ვინაობა, ეკლესიის მართვა პატრიარქის არჩევნებამდე ქიროტონიით უპირატესზე გადადის. რაც სავარაუდოდ არ მოხდება, ქიროტონიით უპირატესი ეპისკოპოსების ასაკისა და მათ მიმართ ეკლესიის შიგნით არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა. მიუხედავად ამისა, მოსაყდრესა და წმინდა სინოდს, პირველიერარქის გამორჩევამდე, არ შეუძლია რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება.

პროცედურულად განსაზღვრულია, რომ საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელმაც უნდა აირჩიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. თუმცა, გაფართოებულ კრებამდე, მოსაყდრემ უნდა მოიწვიოს სინოდი იმ სამი პატრიარქობის კანდიდატის გამოსარჩევად, რომელიც უნდა წარედგინოს გაფართოებულ კრებას. სინოდის ყველა წევრს აქვს უფლება წარმოადგინოს ერთი საპატრიარქო კანდიდატი, მათ შორის – თავისი თავიც.

სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, კენჭს იყრიან გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატები.

Archbishop Jacob Iakobishvili, Metropolitan Shio Mujiri

აფართოებული კრება შედგება სინოდის ყველა წევრისგან, ყოველი ეპარქიიდან მოწვეული ორი სასულიერო და ერთი საერო პირისგან. თითოეული მონასტრიდან, ასევე სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან წარმოდგენილი 2-2 დელეგატისგან. ასევე აუცილებელია, გელათის მეცნიერებათა აკადემიიდან კრებას ესწრებოდეს 4 დელეგატი და მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი, რამდენიც იქნება მოწვეული ყველა დანარჩენი ეპარქიიდან.

გაფართოებული კრების ყველა მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას აზრი კანდიდატთა შესახებ, მაგრამ არჩევნებში ხმის უფლებით მონაწილეობს მხოლოდ მღვდელმთავარი. შესაბამისად, პატრიარქი მხოლოდ მღვდელმთავრების რჩეულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს.

თუ წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული სამი კანდიდატიდან ვერცერთი მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელმაც ხმათა უმრავლესობა პირველ კენჭისყრაში მიიღო.

ამ მომენტისთვის, თითქმის შეუძლებელია მტკიცება, ვის სასარგებლოდ შეიძლება გააკეთოს არჩევანი რომელიმე ეპისკოპოსმა. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში, რომელიც ამჟამად 36 მოქმედი ეპისკოპოსისგან შედგება, დიდი ხანია არსებობს მონოლითური საეკლესიო დაჯგუფებები, რომელთა შესახებაც საეკლესიო იერარქიის ყველა საფეხურზე მეტ-ნაკლებად ცნობილია.

განსხვავებით დასავლური საეკლესიო გამოცდილებისგან, სადაც კარდინალთა ჯგუფები საერთო იდეების გარშემო ერთიანდებიან, ქართული სამღვდელმთავრო ჯგუფები ხშირად ამორფულია და მათ კონკრეტული მიზნისთვის შექმნილ კოალიციებს ვერ ვუწოდებთ. ჯგუფს, როგორც წესი, ჰყავს ლიდერი და ის ფორმირდება პიროვნული ურთიერთობების, საერთო-საყოფაცხოვრებო რელიგიური რწმენა-წარმოდგენებისა თუ რელიგიური სუბკულტურის მიხედვით. ასევე შესაძლოა, რომელიმე ეპისკოპოსი ვალს უბრუნებდეს მას, ვინც სინოდზე ეპისკოპოსად წარადგინა ან მხარი დაუჭირა. შესაძლოა, ერთი ჯგუფის წევრი, ზოგჯერ, სხვა ჯგუფის წევრადაც მოიაზრებოდეს და, ამდენად, დაყოფა ზოგჯერ პირობითიც ხდება. თუმცა მაღალიერარქებისა და მღვდლების მრავალგზის გამოკითხვის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ჯგუფი, რომელიც ერთი ცენტრალური ფიგურის გარშემოა შეკრებული, საქართველოს ეკლესიაში სულ ხუთია.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის, პატრიარქის ძმიშვილის ჯგუფი, რომელშიც ქორეპისკოპოს, ბოდბელ ეპისკოპოს იაკობ იაკობაშვილს მოიაზრებენ. წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრის თქმით, იაკობაშვილის გამორჩევა სწორედ მეუფე დიმიტრის ინიციატივა იყო და ის სინოდალური პროცედურის სრული ტრადიციის დაცვით არ მოხდა. მეუფე იაკობი საზოგადოებისთვის დავით გარეჯის გარშემო და 17 მაისს მიმდინარე მოვლენების დროს გახდა ცნობილი. ის ნაციონალური მოძრაობის აქტიური მოწინააღმდეგე და მოქმედი ხელისუფლების ღია მხარდამჭერია. ამ ჯგუფში შედიან ასევე სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე, რომელიც ცნობილია საკუთარი ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამებით. მათ შორის მოიაზრება საზოგადოებისა და მრევლისთვის ნაკლებად ცნობილი პიროვნება, სტეფანწმინდის მთავარეპისკოპოსი იეგუდიელ ტაბატაძე, რომელიც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან და სხვა რელიგიურ-ფუნდამენტალისტურ ჯგუფებთან არის დაახლოებული. ისევე, როგორც თავად მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი. ე.წ. შიოლაშვილების ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, როგორც ახალ ხელისუფლებასთან სიახლოვით, ისე საეკლესიო თანამდებობებით. სავარაუდოდ, ამ ჯგუფს მიეკუთვნება ზოგჯერ ცალკე მდგომად მოაზრებული ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა. მიტროპოლიტი დიმიტრის ეპარქია ასევე ყველაზე მდიდარია. არაერთი წყაროს ინფორმაციით, საპატრიარქოსთვის სახელმწიფოს მიერ გადარიცხული მილიონების მოზრდილი ნაწილიც სწორედ მის განკარგვაში მიდის.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილის ჯგუფი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მრავალრიცხოვნად არის მოაზრებული, თუმცა ის შესაძლოა არამყარიც იყოს. ამ ჯგუფის წევრობას მიაწერენ ახალქალაქელ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს, ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტ ისაია ჭანტურიას, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუასა და შემოქმედელ იოსებ კიკვაძეს. ასევე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას. სავარაუდოდ, ამავე ჯგუფს მიემხრობა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე. მიტროპოლიტი დანიელის საპატრიარქო ამბიცია დიდი ხანია ცნობილია მთელი ეკლესიისთვის, მისი ყველაზე გამორჩეული მხარდამჭერი ექსპრემიერი ზურაბ ჟვანია იყო. პრემიერის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, მიიჩნევა, რომ მიტროპოლიტი დანიელის შანსები საპატრიარქო ტახტზე შემცირდა. ჯგუფი საპატრიარქო კანდიდატად, სავარაუდოდ, მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს წარადგენს, რომელიც საეკლესიო წოდებათა მიხედვით ერთ-ერთ ყველაზე მაღალ საფეხურზე დგას.

ნეკრესის მიტროპოლიტ სერგის ჯგუფი, რომელშიც ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა გიგიბერია და ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე კალაიჯიშვილი შედიან. ტაბულასთან საუბარში რამდენიმე წყარომ აღნიშნა, რომ ეს ჯგუფი სუსტია. ცენტრალურ ფიგურას, რომელსაც სოციალური ქსელების მომხმარებლები „გოლივუდის მსახიობის 400 ქმარზე" საუბრით იცნობენ, შესაძლოა არ ჰქონდეს სურვილი, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს. შესაბამისად, საუბარია იმაზეც, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა შესაძლოა კანდიდატად დაასახელოს მეუფე თეოდორე ჭუაძე.

რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის ჯგუფში, ბოლნისის ახალგაზრდა მთავარეპისკოპოსი ეფრემ გამრეკელიძე და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი ილარიონ ქიტიაშვილი მოიაზრებიან. მიტროპოლიტ იობს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეპარქია აქვს, სადაც უკანასკნელ წლებში დიდი სისწრაფით აკურთხეს და დააწინაურეს მონაზვნები. ურბნისისა და რუისის ეპარქია სავსეა სკიტეებითა და ლავრებით. მეუფე იობი ცნობილია საკუთარი ასკეტიზმითა და მისტიკისადმი მიდრეკილი რელიგიურობით, ასევე წინა ხელისუფლების აქტიური გმობით. აღნიშნულ ჯგუფში შედიოდა აწ უკვე პენსიაზე გასული ბოდბელი ეპისკოპოსი დავითიც. შესაძლოა, სწორედ იობის სასარგებლოდ მისცეს ხმა, ამ დრომდე მიტროპოლიტ დიმიტრის ჯგუფში მოაზრებულმა მეუფე იეგუდიელ ტაბატაძემაც. აღსანიშნავია, რომ 38 წლის მეუფე ეფრემი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მღვდელმთავარია აქამდე ჩამოთვლილი თითქმის ყველა ჯგუფისთვის და საპატრიარქო კანდიდატისთვის შესაბამისი ასაკობრივი ზღვრის მიღწევის შემდეგ, შესაძლოა კონკურენტუნარიან კანდიდატად ჩამოყალიბდეს.

დაბოლოს, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას ჯგუფი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას მიაწერდნენ და წარსულში არაერთხელ გამოსულან რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ საპროტესტო განცხადებებით. ამ ჯგუფში შედიან ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია და კვლავ მოიაზრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი. წყაროთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მეუფე გრიგოლი დიმიტრი შიოლაშვილის ჯგუფს დაუჭერს მხარს. ამავე ჯგუფს შესაძლოა დაუჭიროს მხარი წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ, რომელმაც თავის დროზე მიტროპოლიტი აბრაამი ბერად აღკვეცა.

სინოდში არსებულ სხვადასხვა ჯგუფებში ეკლესიის მღვდელმთავართა ნახევარზე მეტი, 24 ეპისკოპოსი ერთიანდება. დანარჩენი 12, ცალკე მდგომად განიხილება. მათ შორის, საგარეჯოელი მთავარეპისკოპოსი ლუკა და გურჯაანელი მთავარეპისკოპოსი ექვთიმე, სავარაუდოდ, ერთნაირ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ცალკე გამოყოფენ ქიროტონიით უპირატეს მღვდელმთავრებს, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზს, მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას, მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტ ვახტანგს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესა და ტყიბულისა და თერჯოლის ეპისკოპოს გიორგი შალამბერიძეს. მეუფე ზოსიმესთან ერთად, რომელიც მეუფე აბრაამის ჯგუფში განიხილება, ისინი საბჭოთა კავშირის დროს არიან ნაკურთხები და თითქმის საპენსიო ასაკში იმყოფებიან.

მოცემული ჯგუფი ეკლესიის ნაკლებ ასკეტურ ფრთას წარმოადგენს, ისინი არ არიან გამორჩეულნი რომელიმე ჯგუფის ღია მხარდაჭერით, თუმცა განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებენ შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ ასკეტიზმის მომხრე იერარქთა ზედმეტ, რელიგიურ მოთხოვნებზე. მათ შორის, მიტროპოლიტი კალისტრატე ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი იყო, მეუფე ვახტანგი პროკათოლიკედ მიიჩნევა და მრევლი, მათ შორის ამის გამოც, ღია პროტესტს გამოთქვამს მის წინააღმდეგ. მიტროპოლიტ ვახტანგს ცოლი ჰყავს, რაც სამონაზვნო აღთქმის გატეხვას ნიშნავს და ასევე, ცენტრალურ საეკლესიო ადმინისტრაციასთან კარგი ურთიერთობების დამყარების აუცილებლობას. მიტროპოლიტი ანანია ღიად ანტირუსულ განცხადებებს აკეთებს. ხოლო მიტროპოლიტი გიორგი შალამბერიძე საჯარო სივრცეში დიდი ხანია არ გამოჩენილია.

ნაკლებსავარაუდოა, ამ ჯგუფმა მხარი დაუჭიროს ისეთი ასკეტური მიმდინარეობის მქონე კანდიდატს, როგორიც იობია. მათგან ორს, თადეოზსა და ვახტანგს, შესაძლოა ეკლესიიდან განკვეთის ან პენსიაში გაშვების შიში ჰქონდეს. წინა ხელისუფლების მომხრე მიტროპოლიტ კალისტრატეს კი, ქართული ოცნების ღია მხარდამჭერი იობი შესაძლოა დიდად არ მოსწონდეს. ხოლო მიტროპოლიტმა ანანიამ შესაძლოა მხარი მეუფე დიმიტრის დაუჭიროს. ვარაუდობენ, რომ ეს მღვდელმთავრები, თუ იქამდე პენსიაში არ გავლენ, კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებზე პასიურ როლს შეინარჩუნებენ და ხმას იმას მისცემენ, ვინც პირველი დაწინაურდება.

ასევე გაურკვეველია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს დმანისისა და აგარაკ ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართულ ეპარქიას ხელმძღვანელობს. ამ დრომდე ის მეუფე აბრაამის ჯგუფში მოიაზრებოდა, თუმცა ტაბულას წყაროთა ნაწილი ამბობს, რომ მეუფე ზენონს, სავარაუდოდ, არც სხვა ჯგუფების ეპისკოპოსებთან აქვს ცუდი ურთიერთობა. დიდი ხნის მანძილზე მეუფე ზენონი საპატრიარქო კანდიდატად მოიაზრებოდა.

რაც შეეხება რუსთავისა და მარნეულის მთავარეპისკოპოს იოანე გამრეკელს, ის შესაძლოა თავად დადგეს კანდიდატად, როგორც ეკლესიაში არსებული ფუნდამენტალისტური დაჯგუფების საპირწონე კანდიდატურა. მეუფე იოანე გამრეკელი მეუფე იობის ID ბარათებთან დაკავშირებულ შიშებს არ იზიარებს, რის გამოც ღია დაპირისპირებაშია ეკლესიის ამ ფრთასთან.


დღევანდელი სინოდის ანალიზით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სინოდის პირველ კენჭისყრაზე, სადაც სამი კანდიდატი უნდა გამოირჩიონ, საპატრიარქო კანდიდატად მაღალი ალბათობით დასახელდებიან: მიტროპოლიტი დიმიტრი ან მისი კადრი, მიტროპოლიტი აბრაამი, მიტროპოლიტი დანიელი, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი სერგი ან მისი კადრი. გამომდინარე იქიდან, რომ მეუფე იაკობი მიტროპოლიტ დიმიტრის კანდიდატურად განიხილება, ნაკლებსავარაუდოა მისი ხილვა საპატრიარქო კანდიდატთა შორის. თუმცა შესაძლოა, ეს კანდიდატურა წამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუ მეუფე დიმიტრის, წინა პატრიარქთან ნათესაური კავშირების გამო, ამომრჩევლებში გარკვეული პრობლემები შეექმნება. ბოლოს და ბოლოს, ალექსანდრიის საპატრიარქოში ბიძიდან – ძმისშვილზე საპატრიარქო კათედრის გადასვლის ტრადიციის გამო, იოანე ოქროპირი ალექსანდრიის პატრიარქებს ფარაონებს ადარებდა.რაც შეეხება მიტროპოლიტ შიო მუჯირს, რომელიც საჯარო სივრცეში იშვიათად ჩნდება და ინტერვიუს საეკლესიო პრესასაც იშვიათად აძლევს, ტაბულას წყაროთა ინფორმაციით, ის ასევე შეიძლება იქცეს მოულოდნელ კანდიდატად. მიტროპოლიტ შიოს ნაკლები ნეგატიური მაჩვენებელი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პოზიციები უცნობია, მასთან არავინ არის დაპირისპირებული. მეუფე შიო ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ბავშვობის მეგობარია, მას ასევე ახლო კავშირი აქვს ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან. მარგველაშვილმა საარჩევნო კამპანია სწორედ მისი ეპარქიიდან დაიწყო. წყაროთა ნაწილის განცხადებით, შესაძლოა, სწორედ მიტროპოლიტი შიო იქცეს მოულოდნელ კანდიდატურად, რომელსაც მხარს დაუჭერს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პატრიარქაბილი, დიმიტრი შიოლაშვილი.

სინოდში არსებული ურთიერთდაპირისპირებებისა და წყენების განეიტრალება, ისევე როგორც ისტორიის მანძილზე, ადვილად ხდება ძალაუფლების მპყრობელის ჩარევით. აღმოსავლურ საქრისტიანოში ცეზარო-პაპიზმის დიდი ტრადიცია არსებობს, ეს ტრადიცია საბჭოთა კავშირის პირობებშიც გაგრძელდა. იერარქიას არა მხოლოდ სახელმწიფო საქმეებში ჩარევა მიაჩნია ჩვეულებრივ მოვლენად, არამედ, პირიქით, ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩარევაზეც არ რეაგირებს ისე მწვავად, როგორც ეს დასავლეთში ხდება. შესაბამისად, ასევე მნიშვნელოვან როლს ითამაშებს სახელმწიფო და მისი ნება. ამ ნების გამტარი, თუ ის საერთოდ იარსებებს, წყაროთა ნაწილის აზრით, სწორედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი იქნება.

სინოდში სქიზმის მოწყობის საფრთხე, იმ შემთხვევაში, თუ შედარებით ფუნდამენტალისტურად განწყობილი კანდიდატი გაიმარჯვებს, ნაკლებია. მაგალითად, მეუფე აბრაამის ჯგუფს დიდი სქიზმის მოწყობა გაუჭირდება და ამაზე არც წავა. მაქსიმუმ, ოფიციალურად გაემიჯნოს და სახლში წავიდეს. მაგრამ თუ კათოლიკოს-პატრიარქად თავად მეუფე აბრაამ გარმელიას აირჩევენ, სავარაუდოდ, მეუფე იობის პრობლემის გადაწყვეტა მისი პატრიარქობის პირველადი ამოცანა იქნება. მეუფე აბრაამ გარმელიას დანარჩენ კანდიდატებთან შედარებით აქვს ფორმალური უპირატესობა – ის 65 წლისაა და ახალგაზრდა ეპისკოპოსებს შანსი ექნებათ, მისი გარდაცვალების შემდეგ კვლავ იყარონ კენჭი. თუმცა მიიჩნევა, რომ აბრაამის კანდიდატურა მნიშვნელოვნად დასუსტებულია ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

პატრიარქის არჩევნებზე დაპირისპირების გამოცდილების მაგალითი, თავად ილია მეორის არჩევის დროინდელი პროცესებია. დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, სინოდში სულ 7 ეპისკოპოსი იყო:

  1. ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია,
  2. თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი,
  3. წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი,
  4. ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი,
  5. მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი,
  6. ბოდბელი ეპისკოპოსი ილარიონი,
  7. ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი.

როცა წმინდა სინოდი მისი ანდერძის გასახსნელად შეიკრიბა. აღმოჩნდა, რომ სეიფში პატრიარქის ანდერძი არ ინახება და, შესაბამისად, კრებამ ქიროტონიით უპირატესი ეპისკოპოსი, ილია შიოლაშვილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ გამოაცხადა. აღნიშნულ კრებაზე მეუფე გაიოზ კერატიშვილმა მოსაყდრის თანამდებობაზე ჭყონდიდელ მიტროპოლიტ რომანოზს დაუჭირა მხარი, რომელიც კრებას არ ესწრებოდა. თუმცა მართვა-გამგეობის დებულებაში ცალსახად იყო ნათქვამი, რომ მოსაყდრე ხდებოდა არა ასაკით, არამედ ქიროტონიით უპირატესი. მართლაც, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ილია მეორე ყველაზე ადრე იყო ნაკურთხი ეპისკოპოსად. პატრიარქის საარჩევნო კრებამდე, სამი ეპისკოპოსი, მეუფე რომანოზი, ილარიონი და გაიოზი, უკანონოდ აცხადებდა ილია შიოლაშვილის მოსაყდრეობას. ეკლესიაში დადიოდა ხმები, რომ დავით მეხუთის ანდერძი ილია მეორემ დაწვა და მოსაყდრეობა მიითვისა. აღნიშნული ეპისკოპოსები საპატრიარქოშიც შეიჭრნენ და მსოფლიო ეკლესიებს დაუგზავნეს წერილები მოსაყდრის გამორჩევის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ. 7-დან 3 ეპისკოპოსი კრებას ლეგიტიმურად არ აღიარებდა. გამომდინარე აქედან, მათ კანდიდატიც არ დაასახელეს.

Metropolitan Dimitri Shiolashvili, Metropolitan Abraham Garmelia, Metropolitan Daniel Datuashvili

პატრიარქის არჩევნებზე დასასწრებად, საქართველოში ჩამოვიდა მოსკოვის პატრიარქი პიმენი. საბოლოოდ, საქართველოს ეკლესიის მე-12 კრებაზე, ილია მეორე ერთხმად აირჩიეს. მიტროპოლიტი რომანოზი მალევე გარდაიცვალა, ის სიკვდილის ბოლომდე არ აღიარებდა ილია მეორეს. დანარჩენი ორი, რომლებიც ილია მეორეს მხარს არ უჭერდნენ, მოგვიანებით ეკლესიიდან განიკვეთნენ. მეუფე გაიოზ კერატიშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა და გადაასახლა, ის მოგვიანებით საქართველოში დაბრუნდა. მეუფე ილარიონი კი ამ დრომდე მდუმარებაში იყო და სტალინის ხატების ფონზე რამდენჯერმე გამოჩნდა სოციალურ ქსელებში. 

თუ წინა არჩევნებს გავითვალისწინებთ, მოულოდნელი არ იქნება, დღევანდელ ეკლესიაშიც, პატრიარქის გარდაცვალების ან გადადგომის შემდეგ, რაიმე მსგავსი ვიხილოთ.

ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის არენაზე მოსკოვისა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაპირისპირებამ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შემავალი ტერიტორია უკვე აითვისა. მოსკოვის ამბიციები დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ცოტა ხნის წინ მსოფლიო პატრიარქისა და აფხაზი სასულიერო პირების შეხვედრამ, რომელთა ნაწილიც მას წირვისას იხსენიებს, დაგვარწმუნა, რომ არც კონსტანტინოპოლი იდგება შორს პროცესებისგან. მოსკოვის საპატრიარქო დიდი ფინანსური რესურსით უკვე ცდილობს, მისდამი ლოიალურად განაწყოს ავტოკეფალური ეკლესიების დიდი ნაწილი, მათ შორის, უძველესი ბერძნული საპატრიარქოები, რომლებიც ჩვეულებრივ კონსტანტინოპოლის ეკლესიის ტრადიციული მოკავშირეები იყვნენ. მოსკოვის საპატრიარქომ საქართველოში შესაძლოა რამდენიმე ეპისკოპოსის, მათ შორის – მიტროპოლიტ დიმიტრის, მეუფე გერასიმე შარაშენიძის, სერაფიმე ჯოჯუას ან მიტროპოლიტ იობის კანდიდატურას დაუჭიროს მხარი. თავის მხრივ, მეუფე აბრაამს, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, შესაძლოა ბართლომეოს პირველის იმედი ჰქონდეს.

ერთი კი ცხადია, 36 ეპისკოპოსიდან ვინც არ უნდა გახდეს პატრიარქი, ყველა ილია მეორის პატრიარქობის პერიოდშია გამორჩეული. არ არსებობს კანდიდატი, რომელიც წინა პატრიარქმა აკურთხა. თუმცა მისი ნება საბოლოოდ მას შემდეგ გაცხადდება, რაც პატრიარქის ანდერძს და მოსაყდრის ვინაობას შევიტყობთ.

კათოლიკოს-პატრიარქის დღეგრძელობის შემთხვევაში, შესაძლოა, სინოდში არსებული დღევანდელი ძალთა ბალანსი მნიშვნელოვნად შეიცვალოს, საბჭოთა პერიოდში ნაკურთხი მღვდელმთავრები პენსიაზე გავიდნენ და სინოდალურმა ჯგუფებმა საკუთარი კანდიდატურების გაყვანა მოახერხონ, ხმების გასამრავლებლად. ორიოდე წლის წინ, საპატრიარქოდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ხმათა გამრავლებას მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი ეპარქიების დაყოფის ხარჯზე აპირებდა. ამ თემაზე მიძღვნილ გადაცემას კათოლიკოს-პატრიარქი პირადად გამოეხმაურა და მონაწილე პირები დაგმო. პატრიარქი ილია მეორე მსგავს განცხადებებს მანამდე არცერთხელ პირადად არ გამოხმაურებია, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ ინფორმაცია ნამდვილი იყო.

დაბოლოს, ვინ შეიძლება იყოს „სამოქალაქო საზოგადოების პატრიარქი"? ასეთი კანდიდატი საზოგადოების პროდასავლურ და ლიბერალური ღირებულებების მქონე ნაწილს სინოდში არ ჰყავს და, სავარაუდოდ, არც ეყოლება. სტატიის დასასრულს კი, იმედს ვიტოვებთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქის დღეგრძელობა სტატიის გადაკეთებისა და მასში კორექტივების შეტანის შესაძლებლობას მოგვცემს.

 

მარ­­­თ­­­ლ­­­მა­­დი­­დე­­ბე­­ლი ეკ­­­ლე­­სი­­ის ავ­­­ტო­­კე­­ფა­­ლია და იურის­­­დიქ­­­ცია არ­­­სე­­ბობს არა ეთ­­­ნი­­კუ­­რი, არა­­მედ ტე­­რი­­ტო­­რი­­უ­­ლი ნიშ­­­ნით. გან­­­ს­­­ხ­­­ვა­­ვე­­ბით, მა­­გა­­ლი­­თად, ყო­­ველ­­­თა სო­­მეხ­­­თა მარ­­­თ­­­ლ­­­მა­­დი­­დე­­ბე­­ლი სა­­მო­­ცი­­ქუ­­ლო ეკ­­­ლე­­სი­­ის­­­გან, მარ­­­თ­­­ლ­­­მა­­დი­­დე­­ბე­­ლი ეკ­­­ლე­­სია თავს ნა­­ცი­­ო­­ნა­­ლუ­­რი ნიშ­­­ნით შეკ­­­რე­­ბილ ერ­­­თო­­ბად არ მო­­ი­­აზ­­­რებს. შე­­სა­­ბა­­მი­­სად, ის არის არა ქარ­­­თუ­­ლი, არა­­მედ სა­­ქარ­­­თ­­­ვე­­ლოს ტე­­რი­­ტო­­რი­­ა­­ზე თვით­­­მ­­­წყემ­­­სო­­ბის უფ­­­ლე­­ბის მქო­­ნე ეკ­­­ლე­­სი­­ა. და ასეც ჰქვი­­ა. კონ­­­ს­­­ტან­­­ტი­­ნო­­პო­­ლის მსოფ­­­ლიო სა­­პატ­­­რი­­არ­­­ქოს ად­­­გი­­ლობ­­­რივ კრე­­ბა­­ზე, 1872 წელს, ეთ­­­ნი­­კურ გა­­მორ­­­ჩე­­ვას ეკ­­­ლე­­სი­­ა­­ში ეთ­­­ნო­­ფი­­ლე­­ტიზ­­­მი ეწო­­და და და­­იგ­­­მო, რო­­გორც მი­­უ­­ღე­­ბე­­ლი სწავ­­­ლე­­ბა მარ­­­თ­­­ლ­­­მა­­დი­­დე­­ბე­­ლი ეკ­­­ლე­­სი­­ის­­­თ­­­ვის. ამა­­ვე კრე­­ბამ გა­­მო­­აქ­­­ვეყ­­­ნა რე­­ზო­­ლუ­­ცი­­ა, სა­­დაც ვკითხუ­­ლობთ:

„ქრისტეს ეკ­­­ლე­­სი­­ა­­ში, სა­­ზო­­გა­­დო­­ე­­ბა, რო­­მე­­ლიც სუ­­ლი­­ე­­რია და მო­­წო­­დე­­ბუ­­ლია თა­­ვი­­სი თა­­ვით და დამ­­­ფუძ­­­ნებ­­­ლით მო­­ი­­ცავ­­­დეს ყვე­­ლა ეროვ­­­ნე­­ბას ერთ ქრის­­­ტი­­ა­­ნულ საძ­­­მო­­ში, ფი­­ლე­­ტიზ­­­მი უცხოა და სრუ­­ლი­­ად წარ­­­მო­­უდ­­­გე­­ნე­­ლი. და, მარ­­­თ­­­ლაც, ფი­­ლე­­ტიზ­­­მი, ანუ გან­­­სა­­კუთ­­­რე­­ბუ­­ლი ეროვ­­­ნუ­­ლი ეკ­­­ლე­­სი­­ე­­ბის ფორ­­­მა­­ცია ერ­­­თ­­­სა და იმა­­ვე ად­­­გი­­ლას, რო­­მე­­ლიც იღებს ერ­­­თი და იმა­­ვე ეროვ­­­ნე­­ბის წარ­­­მო­­მად­­­გენ­­­ლებს, მაგ­­­რამ გა­­მო­­რიცხავს სხვა ეროვ­­­ნე­­ბებს და რო­­მელ­­­საც მე­­თა­­უ­­რობს იმა­­ვე ეროვ­­­ნე­­ბის წარ­­­მო­­მად­­­გე­­ნე­­ლი, გა­­უ­­გო­­ნა­­რია და უპ­­­რე­­ცე­­დენ­­­ტო, თუმ­­­ცა ეს არის ის, რის­­­კე­­ნაც ფი­­ლე­­ტიზ­­­მის მიმ­­­დევ­­­რე­­ბი მი­­ის­­­წ­­­რაფ­­­ვი­­ან".

 

კომენტარები