სირიის კონფლიქტი

გაეროს გენერალური მდივანი სირიის კონფლიქტზე: მიეცით შანსი დიპლომატიას

un.org

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი სირიის კონფლიქტის შესახებ საუბრობს. ის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას ითხოვს. მისი თქმით, გაეროს ექსპერტებს უნდა მიეცეთ დრო, რათა გასულ კვირას დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენება გამოიძიონ.

"აუცილებელია, მოხდეს ფაქტების დადგენა. გაერო-ს საგამოძიებო ჯგუფი ახლა სწორედ ამას აკეთებს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში მათ შეაგროვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დაკითხეს მოწმეები და თვითმხილველები. ექსპერტთა ჯგუფს დრო სჭირდება გამოძიების ჩასატარებლად. მიეცით შანსი მშვიდობას, მიეცით შანსი დიპლომატიას, შეწყვიტეთ ბრძოლა და დაიწყეთ მოლაპარაკებები", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ისრაელი სირიაში სამხედრო ინტერვენციას მხარს უჭერენ და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ქვეყნის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის, დასჯას მოითხოვენ. თეთრი სახლი კვლავაც თავს იკავებს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისაგან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის გამოყენებაში დამნაშავეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. თავდაცვის მინისტრის, ჩაკ ჰეიგელის, თქმით კი, თუ ბარაკ ობამა შესაბამის ბრძანებას გასცემს, აშშ-ის ჯარები მზად არიან სამხედრო თავდასხმისთვის.

გაეროს იარაღის ექსპერტების ჯგუფმა სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების გამოძიება განაახლა. მათი თქმით, საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებისთვის დრო დასჭირდებათ. სწორედ, დასკვნაზეა დამოკიდებული გაეროს შემდგომი ნაბიჯები.

21 აგვისტოს დამასკოში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიის შეიარაღებულმა არმიამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები