ლაფანყურის სპეცოპერაცია

ომბუდსმენი ლაფანყურის საქმეზე სპეციალურ კომისიას შექმნის

facebook.com/UchaNanuashvili

ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეზრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახი მოინახულა და იქვე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სპეციალური საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნული კომისია თავის თავზე აიღებს იმას, რომ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია შეაგროვოს.

"სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში გამოძიება ფაქტობრივად არ ჩატარებულა, რის გამოც დღემდე უცნობია, რა მოხდა სინადვილეში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ გამოძიება გაჭიანურებულია. კითხვები, რომლებიც ერთი წლის წინ დაისვა, კვლავ ძალაშია. მეტიც, რაც დრო გადის, კიდევ უფრო მეტი კითხვა ჩნდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ კითხვებზე პასუხი გაეცა. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლების შეცვლის მიუხედავად, გამოძიება ბოლომდე არ მისულა და სიმართლე დაუდგენელია. მიგვაჩნია, რომ სიმართლე უნდა დადგინდეს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ ვიწყებთ სპეციალური საზოგადოებრივი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის მზადებას. დღეს ამასთან დაკავშირებით პანკისის ხეობაშიც ვაპირებ ჩასვლას, სადაც უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს შევხვდები", - განუცხადა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს.

კომენტარები