რელიგიის თავისუფლება

საპატრიარქო და სამუფთო: მინარეთი დასაწყობდეს ჭელაში, ნეიტრალურ ადგილას

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოში, მუსლიმთა სულიერი ლიდერებისა და კათალიკოსის შეხვედრის შემდეგ, საპატრიარქოს პრესსპიკერმა დავით შარაშენიძემ ”ერთობლივი განცხადება” გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მინარეთი სოფელ ჭელაში ნეიტრალურ ადგილზე უნდა დასაწყობდეს, დაილუქოს და ”იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ”.

”დღეს საქართველოს საპატრიარქოში შედგა საქართველოს პატრიარქისა და მრვდელმთავრების შეხვედრა საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან ადიგენის რაიონში განვითარებულ მოვლენების გამო.

საქართველოს საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით. ამასთან,ვითვალისწინებთ რა მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც, მუსლიმთა სამმართველოსთან შეთანხმებით, ვაცხადებთ შემდეგს:

პირველი, მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში ნეიტრალურ ადგილზე , დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ.

მეორე, არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის.

მესამე, ეთხოვოს ხელისუფლებას დაიწყონ მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობის მიზანშეწონილებისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნეს აცილებული რელიგიურ ნიადაგზე შფოთი და დაპირისპირება.

ამასთან,მივმართავთ, როგორც ქრისტიან, ისე მუსლიმ მრევლს თავი შეიკავონ გამოსვლებისაგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა.” - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები