თამბაქოს ნაწარმის გაძვირება

სამინისტრო: თამბაქოზე აქციზის ფასი ჯანმრთელობის ზიანის შესამცირებლად იზრდება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მიზანი თამბაქოსგან გამოწვეული ჯანმრთელობისა და სოციალური ზიანის შემცირებაა. ასევე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციით გათვალისწინებულ რეგულაციებთან ქვეყნის მიახლოვებაა.

„მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის არსებული განაკვეთის ზრდა თანხვედრაშია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კომპლექსურ მიდგომასთან, რომელიც მიმართულია ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნისკენ“ - წერია განცხადებაში.

საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველ ნაწილში შესული ცვლილებების თანახმად, ფილტრიანი სიგარეტებისთვის(ადგილობრივი და იმპორტირებული) აქციზის განაკვეთი 60-75, ხოლო უფილტროსთვის - 15-20 თეთრამდე იზრდება - „შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები არ არის გათვლილი ფისკალური ეფექტის მიღებაზე.“

ფინანსთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ  თამბაქოს აქციზის განაკვეთის ზრდის შემდეგ კონტრაბანდის შესაძლო მატებასთან დაკავშირებული რისკები გაანალიზებულია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. რაც შეეხება სიგარეტის ფასის შესაძლო მატებას, სამინისტროს თქმით,  თანხის რაოდენობა დამოკიდებულია ბაზარზე არსებულ ვითარებაზე.

კომენტარები