თამბაქოს ნაწარმის გაძვირება

ენმ - თამბაქოს გაძვირება ბიუჯეტის შევსების პრიმიტიული მცდელობაა

Geonews.ge

”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” განცხადება გაავრცელა, სადაც თამბაქოს გაძვირებას, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გაჩენილი სერიოზული პრობლემის მოგვარების პრიმიტიული მცდელობად მიიჩნევს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

”მოგეხსენებათ, 1–ლი სექტემბრიდან საქართველოში, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე გაიზარდა აქციზის გადასახადი: უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით, ფილტრიანზე - 15 თეთრით.  ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელშეწყობა და ჩვენი მოქალაქეების მიერ თამბაქოს მოხმარების მასშტაბების შემცირებაა.

 გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ აქციზის გადასახადის მატებით დასახელებული მიზნების მიღწევა შეუძლებელია. პირიქით, თამბაქოს ნაწარმზე ფასის მატების გამო, მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც მოიხმარს ასეთი ტიპის პროდუქციას, იძულებული იქნება გადავიდეს უფრო იაფფასიან და შესაბამისად, ჯანმრთელობისთვის მეტად საზიანო თამბაქოს ნაწარმზე. შედეგად ვიღებთ ვითარებას, სადაც მოქალაქეებს, რომელთათვისაც თამბაქოზე დამოკიდებულება თავისთავად წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას, სახელმწიფო კიდევ უფრო ურთულებს მდგომარეობას მოხმარებული პროდუქციის ფასის გაზრდით.

 თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის ზრდის რეალური მიზეზი არის, არა საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გაჩენილი სერიოზული პრობლემის მოგვარების საკმაოდ პრიმიტიული მცდელობა. თუმცა, ამ მიზნის მიღწევაც შეუძლებელი იქნება, რადგან გაიზარდა კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის შემოსვლის ალბათობა, რაც გააჩენს სიგარეტის შავ ბაზარს და შეამცირებს საბიუჯეტო შემოსავლებს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ გაითვალისწინოს ჩვენი პარტიის არაერთი შეთავაზება გაატაროს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის დაწიოს გადასახადები, მიდის საპირისპირო გზით, ზრდის გადასახადებს, და ჩვენი გაჭირვებული მოქალაქეების ხარჯზე ცდილობს საკუთარი უუნარობის გამო შექმნილი საბიუჯეტო პრობლემის მიჩქმალვას” - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები