რონალდ ქოუზი

რონალდ ქოუზი გარდაიცვალა

www.law.uchicago.edu

103 წლის ასაკში, ჩიკაგოში, წმინდა ჯოზეფის საავადმყოფოში გარდაიცვალა რონალდ ქოუზი, რომელიც აქამდე ეკონომიკაში ნობელის პრემიის ყველაზე ასაკიან ლაურეატად ითვლებოდა.

სიცოცხლის ბოლომდე ქოუზი აქტიურად მუშაობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ორი წერილი - The Nature of the Firm (კომპანიის ბუნება) და The Problem of the Social Cost (სოციალური ხარჯის პრობლემა), რომლებმაც სამართლისა და ეკონომიკის დარგებში ახალი მიმდინარეობები შექმნა.

პირველ ნაშრომში ქოუზმა ახსნა თუ რატომ არსებობენ კომპანიები და ეკონომიკაში პირველად შემოიტანა ტრანზაქციის ხარჯის ცნება. მეორე ნაშრომმა კი საფუძველი ჩაუყარა იმას, რაც დღეს უკვე ქოუზის თეორემის სახელით არის ცნობილი. ამ თეორემის მიხედვით, სრულყოფილი კონკურენციის პირობებში, კერძო და სოციალური ხარჯები ერთმანეთს უტოლდება.

წერილს - The Problem of the Social Cost (სოციალური ხარჯის პრობლემა) საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც ქოუზმა ნობელისთვის წარდგენილ პერსონალურ ესსეში აღწერა: 1959 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტმა ქოუზი მიიწვია იმ წერილის განსახილველად, რომელიც მან ფედერალური კომუნიკაციების კომისიის შესახებ დაწერა. იმ შეხვედრაზე, რომელიც პროფესორ აარონ დაირექტორის სახლში გაიმართა, ქოუზმა მოახერხა უნივერსიტეტის სკეპტიკოსი წარმომადგენლები დაერწმუნებინა, რომ კანონიერი უფლებების სწორად გაწერას, მეტი ეფექტიანი გადაწყვეტილება მოსდევს. ამ შეხვედრაზე ქოუზს სთხოვეს დაეწერა სტატია სამართლისა და ეკონომიკის ჟურნალისთვის, რომელიც დაირექტორს სულ ცოტა ხნის წინათ დაეარსებინა. აარონ დაირექტორი დაირექტორის კანონის (Director’s Law) ავტორია, რომლის მიხედვითაც, სოციალური პროგრამები ისეა აწყობილი, რომ მათგან ყველაზე მეტ სარგებელს საშუალო ფენა ნახულობს მაშინ, როცა ამ პროგრამების დაფინანსებაში უდიდესი წვლილი დაბალი და მაღალი ფენებიდან აკრეფილ გადასახადებს შეაქვს. ქოუზთან შეხვედრის შემდეგ, დაირექტორის ჟურნალში დაიბეჭდა უმნიშველოვანესი ნაშრომი: The Problem of the Social Cost (სოციალური ხარჯის პრობლემა).  

როგორც ქოუზი მოგვიანებით იხსენებდა, „რომ არა ჩიკაგოს უნივერსიტეტის ეკონომისტები, რომლებმაც ჩათვალეს რომ ფედერალური კომუნიკაციების კომისიის შესახებ დაწერილ სტატიაში შეცდომა დავუშვი, დიდი ალბათობით The Problem of the Social Cost (სოციალური ხარჯის პრობლემა) არასდროს დაიწერებოდა.“

ქოუზი თვლიდა, რომ მისი ცხოვრება იღბლიანი დამთხვევების სერია იყო. სანამ 1932 წელს  ლონდონის ეკონომიკის სკოლას დაამთავრებდა, ერთწლიანი სტიპენდია მოიგო და სასწავლებლად შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. საზღვარგარეთ სწავლის პერიოდში ამერიკის საავტომობილო ინდუსტრიით და იმით დაინტერესდა, თუ რატომ ხდებოდა ისე, რომ ნაწილ სამუშაოს თვითონ კომპანიები ასრულებდნენ, ნაწილის შესრულებას კი თავისუფალ ბაზარს ანდობდნენ. სწორედ ეს დაკვირვებები და იდეები გახდა მოგვიანებით კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომის - The Nature of the Firm (კომპანიის ბუნება) - საფუძველი.

ბიოგრაფია

რონალდ ქოუზი 1910 წლის დეკემბერში ლონდონის გარეუბანში დაიბადა. მშობლემა სწავლა 12 წლის ასაკში მიატოვეს და მას შემდეგ, სპორტი უფრო აინტერესებდათ, ვიდრე აკადემიური წიაღსვლები. ქოუზი ოჯახში გამონაკლისი იყო, თუმცა თავიდან ფიზიკური დეფექტის მქონე ბავშვების სასწავლებელში მოხვდა, რადგან ორივე ფეხზე პრობლემა ჰქონდა, ამიტომ სწავლა თავის თანატოლებზე გვიან დაიწყო.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის დამთავრების შემდეგ, ქოუზს მრავალ წამყვან უნივერსიტეტში მოუწია მოღვაწეობა: ზოგან პროფესორი იყო, ზოგიერთი უნივერსიტეტისგან კი ჯილდოები და საპატიო დოქტორის წოდება აქვს მიღებული. მათ შორისაა, ბუფალოს, ვირჯინიის, ლივერპულის, იელის, ვაშინგტონის, ბუკინგემის, პარიზის, სტენფორდის, სადაც ქოუზი ჰუვერის ინსტიტუტის უფროს მკვლევრადაც მუშაობდა და რა თქმა უნდა, ჩიკაგოს უნივერსიტეტები.

ჩიკაგოს უნივერსიტეტში მისი დამსახურებების აღსანიშნავად გამოდგება თუნდაც სამართლის სკოლის ქოუზ-სანდორის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტიც. ინსტიტუტი რონალდ ქოუზისა და რიჩარდ და ელენ სანდორების სახელს ატარებს. სანდორებმა ჩიკაგოს უნივერსიტეტს სამართლისა და ეკონომიკის დარგში სტიპენდიებისთვის 10 მილიონი აშშ დოლარი გადასცეს.

როგორც თვითონ ქოუზი ხშირად აღნიშნავდა, „არასდროს არაფერი ისეთი არ გამიკეთებია, რაც ისედაც აშკარა არ იყო. დღემდე არ მესმის, სხვებიც იგივეს რატომ არ აკეთებდნენ. არასდროს მიფიქრია, რომ ის, რასაც მე ვაკეთებდი, ასეთი არაჩვეულებრივი იყო“. 

კომენტარები