ფარული ჩანაწერების განადგურება

ღარიბაშვილი: არსებობს ალბათობა, ჩანაწერების ასლები წინა ხელისუფლებას ჰქონდეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების ასლები არსებობდეს. მოდულის შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის განადგურების შემდეგ ღარიბაშვილმა თქვა, რომ არსებობს ალბათობა, მასალის ასლები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ.

"სამწუხაროდ, ჩვენი ინფორმაციით, მასალების უმრავლესობა კოპირებულია. არსებობს დიდი ალბათობა, რომ იმ მასალის ასლები, რომელიც შსს-ს არქივში დაგვხვდა და რომელიც მოვიპოვეთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდეთ. ამიტომ კანონი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ინფორმაცია პირადი ცხოვრების შესახებ დაცული იყოს, გამკაცრდება",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

დღეს მოდულის შენობაში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ფოტო, ვიდეო და აუდიოჩანაწერები გაანადგურეს. უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის წევრებისა და მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით 110 დისკი გაანადგურდა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ 144 ფაილს შეიცავდა.

კომენტარები