საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

IDFI: ყველაზე დახურული დაწესებულება სემეკ-ია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის საჯარო დაწესებულებები დააჯილდოვა.

სამინისტროებს შორის დაჯილდოვდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის სამინისტროები. ასევე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 

ჯილდო სხვა დაწესებულებებსაც გადაეცათ - შსს-ს აკადემიას, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. ასევე დაჯილდოვდნენ ყვარლის, დმანისისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების გამგეობები. 

სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან კი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვისთვის სოხუმის სახელმწიფო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაჯილდოვდნენ. 

2012-2013 წლების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიხედვით, ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია დაასახელეს.

2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვისთვის სერტიფიკატები გადაეცათ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. 

"ჩვენი მონაცემებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საჯარო ინფორმაციის გაცემა გაუმჯობესდა. არჩევნებამდე არსებული სრულყოფილად გაცემული პასუხების 51%-იანი ნიშნული 81%-მდე გაიზარდა, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნების 30%-დან 11%-მდე შემცირდა", - თქვა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა ლევან ავალიშვილმა.

ავალიშვილის თქმით, შედარებით ცუდი შედეგები პრეზიდენტის ადმინისტრაციას, შსს-ს და მთავრობის კანცელარიას აქვთ.

 

კომენტარები