ეუთოს მისია

უსუფაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს 50-ზე მეტი დეპუტატი დააკვირდება

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეიდან 50-ზე მეტი დეპუტატი დააკვირდება. მათ შორის იქნებიან ცნობილი დეპუტატები, რომლებსაც საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება აქვთ. მისივე თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო მისია საქართველოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა. სწორედ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარის რანკო კრივოკაპიჩის საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა. როგორც კრივოკაპიჩმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება და ის არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებას ეუთოს, ევროსაბჭოს, NATO-ს და სხვა მისიების სახელით გააკეთებს. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კვალიფიციური დაკვირვებისა და ყურადღების ქვეშ იქნება.

"ყველამ კარგად ვიცით, რაოდენ დიდია ეუთოს მისიის როლი არჩევნების სამართლიანად და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებაში. შეხვედრაზე კოლეგებს მადლობა მოვახსენე გასული წლის არჩევნების დროს მისიის მიერ გაწეული სერიოზული და ნაყოფიერი საქმიანობისათვის. კმაყოფილება გამოვთქვი, რომ წელს საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისთანავე, ეუთო საქართველოს საგარეო მინისტრის თხოვნას სათანადოდ გამოეხმაურა. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები მათი კვალიფიციური დაკვირვების და ყურადღების ქვეშ იქნება", - განაცხადა პრესკონფერენციაზე უსუფაშვილმა. მისივე შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ეუთოს პოზიცია არის დამაბრკოლებელი ფაქტორი, რის გამოც ეს ორგანიზაცია საქართველოში სრულფასოვანი მისიის განხორციელებას ვერ ახერხებს.

"ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს აერთიანებს და რომლის მანდატი მხოლოდ დემოკრატიის მხარდაჭერით არ შემოიფარგლება. მისი მანდატი უსაფრთხოების საქმეში თანამშრომლობის საკითხებზეც ვრცელდება. ეუთო, როგორც ორგანიზაცია, აბსოლუტურად ადეკვატურად აფასებს იმასაც, რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა. ეუთოს წევრი ქვეყნები, გარდა ერთი წევრი ქვეყნისა, და მოგეხსენებათ, რომელია ეს ქვეყანა, იზიარებს პოზიციას, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ეუთოს წევრი არცერთი სახელმწიფო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ბუნებრივია, ეს ორგანიზაციის მკაფიო პოზიციაა, ამასთან, ეს ფაქტორი არის დამაბრკოლებელი, რომ საქართველოში 2008 წლიდან ეუთოს სრულფასოვანი მისია არ ფუნქციონირებს და მას რუსეთი ეწინააღმდეგება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე. მისივე განმარტებით, კრივოკაპიჩთან შეხვედრისას ისაუბრეს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საპარლამენტო დონეზე, რათა მოიძებნოს გზები, რომ ეუთომ მისია სრულად აღადგინოს საქართველოში.

კომენტარები