მიწისძვრა საქართველოში

ზურაბ ჭიაბერაშვილი: მიწისძვრის შედეგებს სპეციალური ჯგუფები შეისწავლიან

facebook.com

კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, კახეთის რეგიონში მიწისძვრის შედეგებს სპეციალური ჯგუფები შეისწავლიან. მისი განმარტებით, იმის შესასწავლად, თუ რა შედეგები მოჰყვა დღევანდელ მიწისძვრას, სპეციალური ჯგუფები სოფლებში უკვე გადიან. 

"არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დაზიანდა სახლების სახურავი და კედლები დაიბზარა, თუმცა უფრო ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გვეცოდინება. ვითარების შესასწავლად ცალკეულ სოფლებში სპეციალური ჯგუფები ამ წუთებში გადიან", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. 

ყვარლის რაიონის გამგებელის დავით ქევხიშვილის თქმით კი, მიწისძვრას რაიონში ნგრევა არ გამოუწვევია.

"ყველა სოფელში არსებული ვითარება გადავამოწმეთ და, საბედნიეროდ, მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დაზიანდა სახლის სახურავი", - აღნიშნა ყვარლის გამგებელმა და დასძინა, რომ რაიონში არსებული ვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ყვარელში იყო.



კომენტარები