პარლამენტი ქუთაისში

სააკაშვილი: აღმშენებლობის ეპოქა ნგრევის ეპოქამ შეცვალა

facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ახალი ხელისუფლება ქუთაისის, როგორც ქალაქის, "დაკვლას" აპირებს.
როგორც სააკაშვილმა დღეს ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სტუმრობისას განაცხადა, სწორედ ამაზე მიუთითებს პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეა. პრეზიდენტის შეფასებით, ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლით, აღმშენებლობის ეპოქა ნგრევის ეპოქამ შეცვალა.

"ვამაყობ ამ აეროპორტით და იმ ხალხით, ვინც ეს გააკეთა. ეს აეროპორტი დროზე მოვასწარით, ეს არის აღმშენებლობის ეპოქის პროდუქტი, რომელიც შეცვალა ნგრევის ეპოქამ. ხვალ აპირებენ ქუთაისის, როგორც ქალაქის, დაკვლას. გააჩერეს ახალი თბილისის პროექტი, რომლითაც ამოისუნთქავდა დედაქალაქი, გააჩერეს სამეგრელოს მთავარი პროექტი - ლაზიკა, გააჩერეს ბათუმის და საქართველოს მთავარი პერსპექტივა - ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ახლა აპირებენ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას ხვალინდელი კენჭისყრით, რაც ნიშნავს მცდელობას, რომ ჰაერში აფრენილი ქუთაისი იქიდან ჩამოაგდონ ერთი გასროლით. მე ვფიქრობ, ეს არ გამოვა. ეს აეროპორტი არის სიმბოლო, რომ ქუთაისს აქვს მომავალი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

კომენტარები