თელიასონერა

ჯეოსელის დამფუძნებელი კომპანია საქართველოდან გასვლის საკითხს განიხილავს

კომპანია ჯეოსელის წარმომადგენელმა, ლევან გიორგაძემ, პარლამენტში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თქვა, რომ თელიასონერა [ჯეოსელის დამფუძნებელი კომპანია] საქართველოდან გასვლასა და ინვესტიციების გატანის საკითხს განიხილავს.

გიორგაძემ კომისიის სხდომაზე ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ლიცენზიის გაგრძელებისას საფასურის გამოთვლის წესსა და ამ მიმართულებით კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

ლევან გიორგაძის თქმით, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ მიმდინარე წლის 17 ივლისს აუქციონის გამართვის დებულებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, თუკი ჯეოსელს მთელი წლების განმავლობაში, თავდაპირველი ფორმულის გამოყენებით, ერთი კონკრეტული ლიცენზიის გასაგრძელებლად 34 მილიონის გადახდა უწევდა, ახალი ფორმულით თანხა 48 მილიონს აღწევს.

"როგორც ახსნეს, ეს არის დაზუსტება და როგორი დაზუსტებაა, როცა ერთი და იგივე მუხლის ინტერპრეტაცია 14-მილიონიან სხვაობას იძლევა?! ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ვცდილობდი, ამ ხალხისთვის მარტივი ლოგიკა ამეხსნა - დავუშვათ, ჩვენ ვართ სუბიექტურები, არ გვინდა ზედმეტი თანხის გადახდა, არ ვზრუნავთ სახელმწიფოზე და ასე შემდეგ, რაც მათი მხრიდან ერთ-ერთ მოტივაციად იყო გაჟღერებული, ვეუბნები, რომ თუ თქვენ მართლები ხართ, გამოდის, რომ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, კომისიის ყველა წევრი კანონს არღვევდა და სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანს აყენებდა. მე მათი ლოგიკა ვერ ავხსენი, მაგრამ ფაქტად მივიღეთ ის, რომ ცალსახად უკანონოდ 48 მილიონს ვიხდით, რომელიც მძიმე ტვირთია და ოთხი ასეთი ლიცენზია გვაქვს, რომელიც დაახლოებით ორი წლის ინტერვალით უნდა გავაგრძელოთ და დამფუძნებლების მხრიდან - როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დამფუძნებელი თელიასონერაა, უკვე სერიოზულად მიდის საუბარი, რომ ქვეყნიდან გავიდეს და ინვესტიციები გამოითხოვოს", - თქვა ლევან გიორგაძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

გიორგაძემ ასევე აღნიშნა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო იმ პერიოდში, როდესაც მათ საქმიანობას პარლამენტის საგამოძიებო კომისია სწავლობს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ლიცენზიების გაცემის ფასთან დაკავშირებით მაგთიკომის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გია კოჟორიძემ თქვა, რომ 2004 წელს, ე.წ. პროკურატურის ფონდში აკუმულირებული 70 მილიონით შეძენილ იქნა ფიქტიური ლიცენზია, არასაჭირო სიხშირეზე და შემდგომში კომპანიებისთვის ლიცენზიის ფასი სწორედ აქედან დგინდებოდა. 

საგამოძიებო კომისია მარეგულირებელი კომისიის მიმართ ფიჭური კომპანიების საჩივრებს ისმენს.

კომენტარები