უკრაინა

იანუკოვიჩი: ევროინტეგრაცია უკრაინის მთავარი პრიორიტეტია

პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი
Reuters

ევროპული ინტეგრაცია უკრაინის მთავარი პრიორიტეტია. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა. მან ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, უკრაინის ევროინტეგრაციის ვექტორს ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელად მივიჩნევთ. უკრაინას თავისი წილი შეაქვს დიდი ევროპის პროექტში. დარწმუნებული ვარ, ნოემბერში ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა უკრაინის მოქალაქეებს კეთილდღეობას მოუტანს და ჩვენს ქვეყანას ათასწლეულის მიზნების მიღწევაში დაეხმარება“, - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

ბოლო პერიოდში უკრაინა რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის - კრემლი კიევისგან ევროინტეგრაციაზე უარის თქმას და საბაჟო კავშირში გაწევრიანებას ითხოვს, რისთვისაც რამდენჯერმე სავაჭრო სანქციებსაც მიმართა.

ვიქტორ იანუკოვიჩი თავის გამოსვლაში ასევე მიესალმა აშშ-ისა და რუსეთის ინიციატივას სირიის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით და გაეროს რეფორმირებაში მონაწილეობის მიღების მზადყოფნა გამოთქვა. 

კომენტარები