ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

პრემიერი: ზურაბ ადეიშვილი წინა ხელისუფლებაში ყველაზე ნიჭიერი კაცი იყო

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მისი მთავრობის პირობებში, სახელმწიფოში ყველაზე კარგი ჩინოვნიკი იქნებოდა. როგორც ივანიშვილმა პოლიტოლოგებთან შეხვედრისას განაცხადა, ადეიშვილი ძალიან საინტერესო ადამიანია და წინა ხელისუფლების გუნდში ყველაზე ნიჭიერი კაცი იყო.

"მერაბიშვილი მუდამ მაოცებდა თავისი ეკონომიკური ანალიზით და როდესაც ვეკითხებოდი, საიდან იცოდა ამდენი, მპასუხობდა - ადეიშვილია ჩემი მასწავლებელიო. ამიტომ სულ მაინტერესებდა მისი გაცნობა და ვერ მოვახერხე. სასამართლო, პროკურატურა და ყველაფერი მისი დალაგებულია. პოლიციაც მან დაულაგა მერაბიშვილს. მერაბიშვილი მეუბნებოდა, ნეტავ განახა, როგორ პარკეტზე ცხოვრობს ადეიშვილი და პირველი თაობის მობილურს იყენებსო, ისეთი პრინციპულია, სხვა არაფრის გაგონება არ უნდაო. მე ამ ყველაფრის მჯერა და იმ იდეოლოგიამ და ერთი კაცის გადაწყვეტილებებმა ბევრი აიძულა ისე მოქცეულიყო, როგორც შესაძლოა, არ უნდოდა", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ადეიშვილმა "სისტემა ვიღაცის სურვილის გამო შექმნა" და ზეწოლას დაექვემდებარა.

"ეს არ ამართლებს. მე არავის დამცველი და აპოლოგეტი არ ვარ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, მე რომ ვყოფილიყავი წინა მთავრობის ხელმძღვანელი, ადეიშვილი იქნებოდა სახელმწიფოში საუკეთესო ჩინოვნიკი" - დასძინა პრემიერმა. 

 

კომენტარები