ფსიქოპროექტის კვლევა

ოცნების დაკვეთით მომზადებული კვლევა: მარგველაშვილი 56.1%, ბაქრაძე - 11.9%

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ ფსიქოპროექტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის რეიტინგი 56,1%-ია. საზოგადოებრივი აზრის კვლევა ფსიქოპროექტს კოალიცია ქართულმა ოცნებამ შეუკვეთა და მისი შედეგების პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო რედისონში, ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ ბიგვავამ გამართა.

კვლევის თანახმად, გიორგი მარგველაშვილი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს თითქმის 45%-ით უსწრებს. ბაქრაძეს მხარს ფსიქოპროექტის მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 11,9% უჭერს. კვლევის მიხედვით, მესამე ადგილზე ნინო ბურჯანაძეა - 9,5%-ით, ხოლო მეოთხე ადგილს შალვა ნათელაშვილი იკავებს - 3,0%-ით.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები რამდენიმე დღის წინ, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმაც (NDI) წარმოადგინა. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39% პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა, 18% კი, დავით ბაქრაძეს. ამასთან, არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, თუ ბაქრაძე და მარგველაშვილი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, გამოკითხულთა 49% მარგველაშვილს დაუჭერს მხარს, 24% კი, ბაქრაძეს. გარდა ამისა, NDI-ის პოლიტიკური პარტიების უახლესი კვლევის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მოსახლეობის 56%-ს მოსწონს, დავით ბაქრაძე კი, 49%-ს. NDI-ის კვლევის შესახებ ბაქრაძემ განაცხადა, რომ მის შედეგებს ენდობა, ხოლო მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოცნების შიდა კვლევები უფრო დამაიმედებელია. 

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრმა ფსიქოპროექტმა კვლევა 16-23 სექტემბერს, საქართველოს 11 რეგიონში ჩაატარა. ცენტრმა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, 2 201 რესპონდენტი გამოკითხა. ზურაბ ბიგვავას განცხადებით, სტატისტიკური ცდომილება პლუს-მინუს 2,3%-ია.

ცნობისთვის, ფსიქოპროექტმა მსგავსი კვლევა ერთ თვის წინაც ჩაატარა. აგვისტოს მონაცემებით, გამოკითხულთა 53% საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას გიორგი მარგველაშვილს მისცემდა. 9 პროცენტი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს დაუჭერდა მხარს, 7% ნინო ბურჯანაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 3% სალომე ზურაბიშვილს, 2% გიორგი თარგამაძეს, 1% კი, ნესტან კირთაძეს.

კომენტარები