2014 წლის ბიუჯეტი

გიორგი თარგამაძე 2014 წლის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებზე საუბრობს

დღეს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი თარგამაძემ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობას ასაკობრივი პენსიის და სოციალური დახმარებების გაზრდა განსაზღვრული არ ჰქონდა.

"2014 წლის ბიუჯეტის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. საზოგადოებამ იცის, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა შევაგროვეთ 40 000 ხელმოწერა და საკანონმდებლო წინადადება დავარეგისტრირეთ პარლამენტში, რომელიც საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე გაზრდის მოთხოვნას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი დღემდე წინააღმდეგობას უწევს არა მხოლოდ ჩვენს მოთხოვნას, არამედ ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის საფუძვლიან, კანონიერ მოთხოვნას და იგნორირებას უკეთებს თავისივე წინასაარჩევნო დაპირებას. ამ ყველაფრის მიზეზი კი დავინახეთ 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მომავალი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ასაკობრივი პენსია არცერთი ლარით არ გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით იქნებოდა დადგენილი, რომ საქართველოში საარსებო მინიმუმი 250 ლარია, მაშინ ბიუჯეტში საჭირო იქნებოდა ასახულიყო პროცენტული ზრდა ასაკობრივი პენსიის და სხვა სოციალური დახმარებების, რათა ისინი გათანაბრებოდნენ რეალურ საარსებო მინიმუმს", - თქვა თარგამაძემ.

თარგამაძის თქმით, ვინაიდან საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესი არ იცვლება, ხოლო საარსებო მინიმუმი არ იზრდება, მთავრობა ასაკობრივი პენსის და სხვა სოციალური დახმარებების სამართლიან საარსებო მინიმუმთან გათანაბრების ვალდებულებას არ იღებს.

გიორგი თარგამაძე აღნიშნავს, რომ  პრეზიდენტის ადმინისტრაციის და უშიშროების საბჭოს დაფინანსების ხარჯები ახალ ბიუჯეტში იგივე რჩება, იმის მიუხედავად, რომ მათი უფლებამოსილებები იზღუდება. ის ასევე 2014 წლის ბიუჯეტის პროექტში პარლამენტის სახელფასო ხარჯების გაზრდის საკითხს შეეხო. 

"სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლება აგრძელებს წინა ხელისუფლების გზას და არ ახსოვს, როგორი ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნის ხელისუფალია. ჩვენ დღეს გვყავს უფრო გაღარიბებული სახელმწიფოს უფრო ძვირი მთავრობა. იმედი მქონდა, რომ 2014 წლის ბიუჯეტში ძირეული ცვლილებები იქნებოდა, ახალი საფინანსო პოლიტიკის, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფორმირება მოხდებოდა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ახალ ხელისუფლებას, ძველის მსგავსად, წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში, 600 000 ადამიანს დღეში ყველაფრისთვის მხოლოდ 2 ლარის დახარჯვა შეუძლია. ეს ადამიანები განიცდიან შიმშილს და ამ ფონზე გადახედეთ მთავრობის, პარლამენტის და, ზოგადად, ჩინოვნიკების ცხოვრების წესს", - აღნიშნა თარგამაძემ.

გიორგი თარგამაძემ თქვა, რომ პრეზიდენტად გახდომის შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და ცხოვრების უზრუნველყოფის ხარჯებს შეამცირებს.

 

კომენტარები