საპრეზიდენტო კანდიდატები

ბურჯანაძე: პრეზიდენტი უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტი და არა საშიშროების წყარო

Nino Burjanadze

დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას მართავს. ბურჯანაძის განცხადებით, საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაა.

"არავის აქვს ილუზია, რომ უპრობლემო ქვეყანაში ვიცხოვრებთ. მაგრამ ჩვენი ამოცანა იქნება, გამოვიდეთ იმ ჩაკეტილი წრიდან, რომელშიც საქართველო წლებია იმყოფება და რომლის გარღვევაც ვერ მოხერხდა. ვერ შევძელით იმ საკუთრების შექმნა, რაც განაპირობებს ქვეყნის ნორმალურ განვითარებას, წარმატებას, ადამიანის დაცულობას და იმას, რომ მოქალაქე მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოში ცხოვრობდეს და არა - არსებობდეს. ჩვენი პროგრამის მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება საქართველოში სამართლიანობის აღდგენა, რაც ჩვენს სლოგანშიც აისახა. ღრმად გვწამთ, რომ თუ ქვეყანაში არ დამყარდა სამართლიანობა, ისე საქართველო წინ ვერ წავა. ეს გამორიცხავს რევანშს. სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი უმთავრესი ამოცანა იქნება, ჩამოვაყალიბოთ სამართლიანი სახელმწიფო", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ. 

მისივე თქმით, დემოკრატიული მოძრაობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ გაატაროს ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს მოემსახურება .

"ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ პრეზიდენტის უფლებები შეზღუდულია, მაგრამ ყველაზე დიდი უფლება პრეზიდენტს ეძლევა არა კანონით, არამედ სახალხო წესით არჩეული პირის სტატუსიდან გამომდინარე, ამიტომ დარწმუნებით შეიძლება თქმა, რომ არჩევის შემთხვევაში, ყველა იმ ამოცანის, ყველა იმ დაპირების შესრულებას შევძლებ, რაც პროგრამაშია გაწერილი. პრეზიდენტი უნდა იყოს არა საშიშროების წყარო, როგორც აქამდე გახლდათ, არამედ უსაფრთხოების გარანტი", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

დემოკრატიული მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები.

კომენტარები