სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა

წიკლაური: სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნედ ივან ნეჩაევის დასახელება ცინიზმია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, რუსეთის მხრიდან სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთ მეჩირაღდნედ აგვისტოს ომის ე.წ. გმირის ივან ნეჩაევის დასახელება მძიმე პოლიტიკური პროვოკაცია და ცინიკური ჟესტია. მისი განცხადებით, ეს ცხადყოფს პუტინის სურვილს, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშები გამოიყენოს საქართველოს ეროვნული ინტერესების და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. წიკლაურის თქმით, ეჭვს არ იწვევს, რომ ეს პოლიტიკური თავდასხმა არის ზოგადი ტენდენციის ნაწილი და რუსეთი არ გაუშვებს შანსს, რათა პოპულარიზაცია გაუწიოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას თამაშების მსვლელობის დროს.

"ამ ფონზე, საქართველოს უუნარო მთავრობა აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ მონაწილეობას მიიღებს თამაშებში, არამედ დაეხმარება ოკუპანტ სახელმწიფოს თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მინისტრი ზაქარეიშვილი, რომლის უწყების მიერ პარლამენტში ინიცირებულია ოკუპაციის კანონში კაპიტულანტური ცვლილებები, ქართული საზოგადოების აღშფოთებას ჩხირკედელაობას უწოდებს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი მიდგომა არის დათმობის და ოკუპაციასთან შეგუების პოლიტიკის გაგრძელება. მოვუწოდებთ საქათველოს ოლიმპიურ კომიტეტს, განიხილოს ოლიმპიადაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის მიზანშეწონილობის საკითხი, რადგან ეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას, გამოხატოს მტკიცე პროტესტი, მინისტრ ზაქარეიშვილის და ივანიშვილის მთავრობის უპასუხისმგებლო ქმედებების და კოლაბორაციონისტული პოლიტიკის მიმართ", - აცხადებს ნუგზარ წიკლაური. 

ცნობისთვის, რუსი მფრინავი ივან ნეჩაევი, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის რუსეთის ხელისუფლებამ გმირის წოდება მიანიჭა, სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე იქნება. სწორედ მას დააკისრეს ოლიმპიადაზე ოლიმპიური ცეცხლის გატანის მისია. ივან ნეჩაევმა რუსულ პირველ არხს უთხრა, რომ პასუხისმგებლობით ეკიდება "ამ ისტორიულ და საპატიო მისიას" და ეცდება - ღირსეულად შეასრულოს ის. ნეჩაევი აგვისტოს ომის დროს ბომბდამშენს მართავდა, რომლითაც საქართველოს ტერიტორიას ბომბავდა. საფრენი აპარატის დაზიანების მიუხედავად, მან უვნებლად შეძლო სამხედრო ბაზაზე დაბრუნება, რის შემდეგაც გმირის წოდება მიანიჭეს.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, "თუ ახლა დავიწყებთ ჩხირკედელაობას - ვის ეჭირება ჩირაღდანი ხელში და ამის გამო დავიწყებთ ჩვენი პოზიციების გადახედვას, მგონი, ეს არასწორი იქნება და ჩვენს სახელმწიფოს არ მოუხდება". 

 

კომენტარები