სასამართლო რეფორმა

კოტე კუბლაშვილი: 3 წლით დანიშნული მოსამართლე დამოუკიდებელი ვერ იქნება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ეთანხმება. როგორც კუბლაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები და დაადგინა, რომ მოსამართლეები უვადოდ დანიშვნამდე 3-წლიან გამოსაცდელ ვადას გაივლიან.

"ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 3 წლით დანიშნული ვერცერთი მოსამართლე ვერ იქნება ისეთი დამოუკიდებელი, როგორიც უნდა იყოს. პარლამენტმა ამ 3-წლიან დანიშვნას დაუწესა მონიტორინგი და ჩაწერა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 3 წლით დანიშნულ მოსამართლეს უნდა ჩაუტაროს მონიტორინგი, მხოლოდ ამ მონიტორინგის შეფასების შემდეგ შეიძლება  მათი გადანიშვნა უვადოდ. რას ეხება და რა კრიტერიუმებით განსაზღვრავენ ამ მონიტორინგს, უცნობია, მაგრამ თავისთავად მონიტორინგი უკვე ნიშნავს მოსამართლის დამოუკიდებლობის პირდაპირ შეზღუდვას. მე მივმართე პარლამენტს, რომ გადაედო ამ საკითხის განხილვა და მესამე მოსმენით მიღება. ამავე თხოვნით მიმართავ პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ", - განაცხადა კუბლაშვილმა. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მხარს დაუჭერს მოსამართლეებს, ასეთ ნაბიჯებს არ უნდა დგამდეს.

"დაუშვებელია, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ გაიმეოროს წინა ხელისუფლების შეცდომა, რომელმაც შემოიტანა მოსამართლეების 3 წლის ვადით დანიშვნის შესაძლებლობა. დაუშვებელია, ახალმა ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა ვალდებულებად გადააქციოს და თქვას, რომ დიახ, 3 წლით უნდა დაინიშნონ მოსამართლეები. დაუშვებელია, წინა ხელისუფლების ასეთ შეცდომას ახალმა ხელისუფლებამ ორჯერ მეტი შეცდომით უპასუხოს. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ მსჯელობაში, რომელიც მონიტორინგის კრიტერიუმების განსაზღვრას შეეხება", - აღნიშნა კუბლაშვილმა. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიუღებელს უწოდებს იმასაც, რომ მოსამართლეები 10-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, ისევ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით უნდა დაინიშნონ.

"პარლამენტმა ასევე დაადგინა, რომ ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც უფლებამოსილების 10-წლიან ვადას გაივლის, მომავალში, თუ შემოიტანს განაცხადს, ის ასევე დაინიშნება 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით. 10-წლიან ნამსახურებ მოსამართლეს რომ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით ნიშნავ, აქ ლოგიკა არ არსებობს", - ამბობს კუბლაშვილი.

კომენტარები