საქართველოს 2014 წლის ბიუჯეტი

პარლამენტი დღეიდან მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტის განხილვას იწყებს

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

იუსტიციის, სასჯელაღსრულების, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს საბიუჯეტო დაფინანსება შეუმცირდებათ. ეკონომიკის განვითარების სამინისტროს კი ბიუჯეტი გაუნახევრდება.

მომავალი წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებში ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სექტორები შედის. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 355 მილიონი ლარით - 2,7 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 91 მილიონი ლარით მოიმატებს (764,3 მილიონი ლარი გახდება). სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება კი დაახლოებით 50 მილიონი ლარით გაიზრდება.  

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი მომავალ წელს 37,5 მილიონი ლარით შეუმცირდება და 891 მილიონი ლარს შეადგენს. კლება იძულებით გადაადგილებულ პირთა ხარჯზე განხორციელდება (მათ დაფინანსება 36 მილიონი ლარით შეუმცირდებათ). შემცირდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების ღირებულებაც (27 მილიონი ლარით).
21,4 მილიონი ლარით მოიკლებს იუსტიციის სამინისტროს, 19,3 მილიონი ლარით კი - სასჯელაღსრულების სამინისტროს ბიუჯეტები. დაფინანსება გაუნახევრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და 25 მილიონ ლარამდე ჩამოვა.

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის მომავალ წელს მილიონ-ნახევარი ლარით ნაკლები დაიხარჯება (4,9 მილიონი ლარი). დაფინანსება 15 მილიონი ლარით შეუმცირდება ენერგეტიკის სამინისტროსაც.
თავდაცვის, კულტურის, შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროებისთვის განკუთვნილი ასიგნებები უცვლელი რჩება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს მომუშავეთა ხელფასები გაისად 33,9 მილიონი ლარით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კი - 721 ათასი ლარით გაიზრდება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 1,8 მილიონი ლარით გაუზარდეს დაფინანსება, საიდანაც ხელფასებზე მომავალ წელს 4,9 მილიონი ლარით მეტს დახარჯავენ.
მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტში დღიდან იწყება.

 

 

კომენტარები