რაიონების ბიუჯეტი

ბაქრაძე: სამინისტრომ რაიონების ბიუჯეტში გამოუცხადებელი სეკვესტრი დაიწყო

ხათუნა ხუციშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე რაიონული ბიუჯეტების შემცირებაზე საუბრობს. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ გამოუცხადებელი სეკვესტრის განხორციელება დაიწყო.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მიმდინარეობს რაიონების ბიუჯეტების შემცირებები. მაგალითად, გეტყვით, რომ თერჯოლას და ზესტაფონს წელს შეუმცირდება ბიუჯეტი დაახლოებით ერთი მილიონი ლარით, სამტრედიას - 800 ათასი ლარით, ხონს ნახევარი მილიონი ლარით და ასე ხდება პრაქტიკულად ყველა მუნიციპალიტეტში. ფაქტიურად, ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო გამოუცხადებელი სეკვესტრის განხორციელება რაიონის ბიუჯეტებთან მიმართებაში. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჩერდება და მნიშვნელოვნად მოიკლებს რაიონებში განსახორციელებელი პროექტები, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტები. მეორე მხრივ, ეს ადასტურებს, რამდენად მართლები ვიყავით ჩვენ, როდესაც ვსაუბრობდით ეკონომიკურ პრობლემებზე, ეკონომიკურ კრიზისზე და საგანგებო ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე", - აღნიშნა დავით ბაქრაძე. 

ბაქრაძე მთავრობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ მის მიერ შეთავაზებული სამპუნქტიანი გეგმით საქართველოს ეკონომიკა გადარჩება.

"მინდა კიდევ ერთხელ მივმართო და მოვუწოდო მთავრობას, ამ რთულ სიტუაციაში, არაოფიციალური და ჩუმად მიმდინარე სეკვესტრის ნაცვლად, ერთად გადავდგათ ნაბიჯები ეკონომიკის გადარჩენისთვის და, კერძოდ, განვახორციელოთ ის სამპუნქტიანი გეგმა, რომელიც მათ შევთავაზე - დავწიოთ გადასახადები, გამოვაცხადოთ ეკონომიკური ამნისტია და უარი ვთქვათ ახალ რეგულაციებზე. ეკონომიკის გადარჩენა არის ჩვენი ამოცანა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, ერთად მივიღოთ ეს გეგმა, ერთად გადავარჩინოთ ეკონომიკა და უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველოში აღარ დაბრუნდეს სეკვესტრების, საბიუჯეტო შემცირებების, დაუფინანსებელი და გაჩერებული პროექტების დრო", - თქვა ბაქრაძემ.

კომენტარები