ლევან კორკოტაშვილის საქმე

ღარიბაშვილი: სამწუხაროა, რომ საია გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 10 ოქტომბერს, გამოემხაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას მოქალაქე ლევან კორკოტაშვილის მიმართ პოლიციელთა ძალადობასთან დაკავშირებით:

"მინდა გითხრათ, რომ ძალიან სამწუხაროა, როდესაც ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია როგორიც არის საია და სხვა ორგანიზაციები, ასეთ არასერიოზულ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებენ. მე არ მინდა დავიჯერო და ვიფიქრო, რომ ისინი ამას გამიზნულად და შეგნებულად აკეთებენ, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტი არის ის, რომ ძალიან ხშირად ხდება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. და სწორედ მსგავსი დეზინფორმაციული სახის განცხადებები, რომელიც შეიცავს სიცრუეს, ულახავს იმიჯს არა პოლიციას, არამედ თავად ამ ორგანიზაციას და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც ანალოგიურ გადაუმოწმებელ განცხადებებს ავრცელებენ, მე აქვე დავაზუსტებ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ჩავატარეთ მოკვლევა, ეს პიროვნება არის ექვსჯერ ნასამართლევი, კონკრეტულად ეს პიროვნება, კორკოტაშვილი, მე გავერკვიე და 30 სექტემბერს ამ ადამიანს ჩაუტარდა ოპერაცია და მას შეეძლო ხელოვნურად სახის კერძოდ ერთი ნაწილის ასე ვთქვათ ამოვარდნა, მე როგორც ამიხსნეს და მოვისმინე ექიმებისგან, შესაბამისად არავითარი ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა პოლიციის მხრიდან. მე მინდა ვთხოვო ყველას, მანამ რაიმე ინფორმაციას გაავრცელებენ პოლიციის შესახებ, ჩვენ გვყავს პრესსამსახური, რომელიც ოპერატიულად მუშაობს 24 საათის განმავლობაში და მათ შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმონ 24 საათის განმავლობაში. და ვთხოვ მათ რომ არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში. და აქვე მინდა ვთხოვო ყველას, რომ პოლიციას მისცენ ნორმალურად მუშაობის საშუალება და შეცდომაში არ შეიყვანონ საზოგადოება", - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ორგანიზაციას 9 ოქტომბერს მიმართეს ლევან კორკოტაშვილის ოჯახის წევრებმა, რომელთა განმარტებითაც 8 ოქტომბერს, შსს ძველი თბილისის #4 სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ლევან კორკოტაშვილი. დაკავების დროს კორკოტაშვილი პოლიციის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და მიაყენეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები. ამჟამად იგი მოთავსებულია ქ. დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო ჩარევას.

ლევან კორკოტაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მას დაკავებისას სამართალდამცავებმა ძალით გააღებინეს პირი, რომლის გაღებაც ყბაზე გაკეთებული ოპერაციის გამო არ შეეძლო. შედეგად, მას დაუზიანდა ყბა და დასჭირდა ყბა-სახის ქირურგის ჩარევა.

კომენტარები