ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა

ალასანიას და ღარიბაშვილის უარი უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე

facebook.com/alasaniairakli

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 10 ოქტომბერს, საჯაროდ განაცხადეს, რომ არ აპირებენ მონაწილეობა მიიღონ უშიშროების საბჭოს სხდომაში, რომლის გამართვის იდეაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვა რამდენიმე დღის წინ გაასაჯროვა.

საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა შესთავაზა. პრემიერმინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას უარით უპასუხეს. ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას მიხეილ სააკაშვილის პიარაქციად აფასებენ.

წინადადებას უარით უპასუხა თავდაცვის მინისტრმაც.

"შიდა ქართლში განვითარებულ მოვლენებზე პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს მთავრობის წევრებს კოორდინაცია, მიღებულია ყველა შესაძლო ზომა საგარეო-პოლიტიკური , უსაფრთხოების, თავდაცვის და ასევე დიპლომატიური კუთხით. შექმნილია კომისია, რომელიც ზრუნავს ამ საშინელებით დაზარალებული ჩვენი მოქალაქეების სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. რაც შეეხება პრეზიდენტის აპარატის განცხადებას, ჯერ ერთი, გაგვიკვირდა იმიტომ, რომ არსებობს უშიშროების საბჭო, ჰყავს თავისი მდივანი და აპრობირებული გზები და მეთოდები უშიშროების საბჭოს აპარატის ურთიერთობის. თავისთავად, ურთიერთობის ამ აპრობირებულ მეთოდს რომ გვერდი აუარეს და ბოლო თვებში რომ ყველა საკითხის პოლიტიზირება ხდება მათი მხრიდან, სწორედ ამიტომ მე სწორი მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება[უარი სხდომაში მონაწილეობაზე]. თუმცა, ჩვენ მზად ვართ უშიშროების საბჭოს ნებისმიერ დროს წარვუდგინოთ ანგარიშში და მუშაობის პროცესში მივიღოთ მონაწილეობა", - თქვა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საკითხს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

"ძალიან არასერიოზული იყო ის ფორმა, რომელიც იქნა შერჩეული მოწვევის, მე ვგულისხმობ უშიშროების საბჭოს მოწვევის ფორმა იყო ძალიან არასერიოზული, ეს ერთი. მეორე - მე ვფიქრობ, რომ მინისტრები, ზოგადად ჩემი პოზიციაა, რომ მე პირადად არ დავესწრები უშიშროების საბჭოს, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ასეთი ფორმით მოწვევა პირველ რიგში არ უნდა ხდებოდეს უშიშროების საბჭოსი და მეორე - მე ვფიქრობ, რომ ეს არის ჩვეულებრივი ფორმალური, რაღაც მასკარადის მსგავსი, მე პირადად არ ვაპირებ და ვიცი, რომ მთავრობის წევრები არ აპირებენ".

კომენტარები