27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები

დავითაშვილი: მარგველაშვილთან დებატების საშუალება ყველა კანდიდატს უნდა ჰქონდეს

პრეზიდენტობის კანდიდატი კობა დავითაშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს და მოითხოვს, რომ გიორგი მარგველაშვილთან დებატების გამართვის საშუალება ყველა პრეზიდენტობის კანდიდატს მიეცეს.

"17 და 18 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტარდება დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, თუმცა დებატები შეიძლება ეწოდოს მხოლოდ 17 ოქტომბერს, რადგან ხელისუფლების კანდიდატი მხოლოდ ამ დღეს მიიღებს მონაწილეობას გადაცემაში. მიმაჩნია, დებატები სრულყოფილი რომ იყოს, პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს უნდა მიეცეს საშუალება დებატებში შევიდეს ხელისუფლების კანდიდატ გიორგი მარგველაშვილთან. ამიტომ ვთავაზობ მაუწყებელს და ყველა დანარჩენ კანდიდატს, რომ დებატები ჩატარდეს შემდეგი ფორმატით: მარგველაშვილმა დებატებში მონაწილეობა მიიღოს როგორც 17, ასევე 18 ოქტომბერს. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი კანდიდატი არ იქნება წინააღმდეგი, რომ მარგველაშვილს ჰქონდეს ორმაგი დრო", - განაცხადა კობა დავითაშვილმა დღვანდელ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, 17 და 18 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებელი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატებს გამართავს. კობა დავითაშვილი დებატებში მონაწილეობას 18 ოქტომბერს მიიღებს.

კომენტარები