ხადურის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან

ხადური: საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებული დირექტორი გაკვირვებულია

financial.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული საქართველოს პროგნოზით, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაკვირვებულია - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მენო შნელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 ხადურის თქმით მან საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო პირობა, რომ საქართველოსთან მიმართებაში გამოქვეყნებულ პროგნოზებს გადახედავენ.  საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეუმცირა. 

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მენო შნელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე, იმ პროგნოზებზე, რომელიც გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. როგორც გაირკვა, იგი თავადაც გაკვირვებულია ამგვარი პროგნოზით და მივიღეთ პირობა, რომ აღნიშნული შეფასება გადაიხედება", - განაცხადა ხადურმა. 

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან თურქეთში, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ოლივიე დე კამთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვილჰელმ მოლტერერთან.
"რაც შეეხება შეხვედრებს ჩვენს მთავარ ინვესტორებთან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ვისაუბრეთ ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. ისინი აპირებენ გაააქტიურონ თანამშრომლობა საქართველოსთან. ნოემბერში ბანკისგან ველოდებით საინტერესო სიურპრიზს, რომლის გაჟღერების უფლებაც ჯერ არ მაქვს. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენთან შეხვედრაზე განვიხილეთ ბანკის უახლოესი გეგმები საქართველოში. როგორც იცით, ბანკი აქტიურადაა ჩართული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ბანკი გეგმავს ინვესტირებას კერძო სექტორში. აგრეთვე, აპირებენ კერძო-საჯარო თანამშრომლობის ე.წ. PP პროექტებში ჩართვას. სწორედ აღნიშნული ტიპის შეხვედრები მაძლევს რწმენას და გარანტიას, რომ მომავალ წელს საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება" - განაცხადა ნოდარ ხადურმა. 

კომენტარები