ყოფილი მაღალჩინოსნების ცემა

შსს-მ ციხის ყოფილი უფროსის ცემისთვის 3 პირი დააკავა

ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს
შსს-ს Facebook-ის გვერდი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავის #17 ციხის ყოფილი უფროსის, ლაშა ბრეგაძის ცემასთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს, თუმცა, სამართალდამცავი უწყება მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, დაკავებულებს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა 15 ოქტომბერს ფეისბუქით გაავრცელა ინფორმაცია ლაშა ბრეგვაძის ცემის შესახებ: ნადირობა ქურდებთან მებრძოლებზე გრძელდება! ციხის ყოფილი დირექტორი ლაშა ბრეგვაძე გაიტაცეს კრიმინალებმა, სასიკვდილოდ ცემეს და ეუბნებოდნენ, რომ შეეგინებინა ბაჩოსთვის. გადაუღეს ფოტოები და ვიდეო, მისივე თვალწინ გაუგზავნეს ერთ-ერთ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს. ასევე უთხრეს, რომ კანონიერი ქურდების უპატივცემულობას სისხლად ამოანთხევინებდნენ ყველას, მათ შორის ბაჩოსაც. დეტალებს ვადგენ და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით დავდებ".

შსს-ში არ აკონკრეტებენ, ბრეგვაძის ცემის ბრალდებით დაკავებულებს აქვთ თუ არა რაიმე კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან.

კომენტარები