თავისუფალმა უნივერსიტეტმა მემორანდუმი გააფორმა

თავისუფალ უნივერსიტეტსა და ხუალინგ ჯგუფს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტსა და ჩინეთის ერთ-ერთ უმსხვილეს კორპორაცია „ხუალინგ ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ ლეჟავამ და „ხუალინგ ჯგუფის“ გენერალურმა მდივანმა ვანგ შენგსინიმ.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ: „ხუალინგ ჯგუფის“ დირექტორატი, ჩინეთის საელჩოს სავაჭრო წარმომადგენლობის მრჩეველი ლიუ პო, თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორი მარინა ქარჩავა, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის დეკანი გიორგი კაციტაძე, ჩინური მიმართულების ხელმძღვანელი და კონფუცის ინსტიტუტის დირექტორი მარინე ჯიბლაძე, სტუდენტები.

მოწვეულმა სტუმრებმა თავდაპირველად დაათვალიერეს თავისუფალი უნივერსიტეტის საცდელი ლაბორატორიები, ესტუმრნენ „კულინარიის აკადემიას“. ისინი  უშუალოდ გაეცნენ სტუდენტების მომზადებისა და სწავლების პროცესს, მათ შორის, პრაქტიკულ მეცადინეობებს. დასასრულს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მემორანდუმი „ხუალინგ ჯგუფში“ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებას ითვალისწინებს. ამ მიზნით, კომპანია მათ სასწავლებლად გაგზავნასა და გადამზადებას ჩინეთში გეგმავს. კომპანიის საკადრო პოლიტიკა მიმართულია, მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი რესურსი და დაასაქმოს ისინი. ამ თანამშრომლობით ასევე შესაძლებელია ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვადასხვა ერთობლივი პროექტების ეფექტურად განხორციელებაც.

თავისუფალი უნივერსიტეტი  ხარისხიანი განათლების უმნიშვნელოვანესი ცენტრი და ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ ჩინურ ენასა და ქვეყნისმცოდნეობაში. სტუდენტები თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის საგამოცდო ცენტრშივე აბარებენ გამოცდებს და ჩინეთიდან იღებენ ჩინურ ენაში HSK საერთაშორისო სერტიფიკატებს. ამასთან, აქტიურად მონაწილეობენ ჩინეთთან და ჩინურ ენასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. „ხუალინგ ჯგუფმა“ თანამშრომლობისთვის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი  სწორედ ამ ნიშნის გათვალისწინებით შეარჩია. თავის მხრივ, უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს თავისი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების წარმატებულ დასაქმებას.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს „ხუალინგ ჯგუფში“ თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების კარიერული განვითარების არაერთი მაგალითი არსებობს. მემორანდუმი მათი წარმატებულად და ეფექტურად დასაქმების კიდევ ერთი წინაპირობა გახდება.

კორპორაცია „ხუალინგის“ საქმიანობის ძირითად სფეროს მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელება წარმოადგენს, როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, შუა აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებში.

„ხუალინგ ჯგუფი“ 1988 წელს, სინძიანში დაარსდა და ჩინეთში 4 განვითარებულ საბითუმო ბაზართან ერთად, 4 მილიონ კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს ფლობს.

„ხუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ინვესტირება 2007 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც კომპანიამ  48 ათასი კუბური მეტრი ხე-ტყის მოპოვებაზე ლიცენზია მოიპოვა და ქუთაისში თავისუფალი ზონის მშენებლობა დაიწყო ქუთაისში. 2012 წელს კორპორაცია ბაზისბანკის აქციათა 90 პროცენტი წილის მფლობელი გახდა.

დღეს, „ხუალინგ ჯგუფი“ თბილისის ზღვაზე ოლიმპიურ სოფელს აშენებს, თავდაპირველად ამ მიზნით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აშენებულ კომპლექსში 4 ათასამდე სპორტსმენის განთავსება იქნება შესაძლებელი. ოლიმპიური სოფელი უსასყიდლოდ გადაეცემა ქალაქ თბილისს 2015 წლისთვის დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის. 

კომენტარები