გიორგი თარგამაძე

თარგამაძე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი დაანებოს ძველბიჭობას

0 კომენტარი

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი თარგამაძე და სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე პრემიერმინისტრისა და გიორგი მარგველაშვილის ბოლო დღეებში საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს ბოლშევიზმისა და ახალი ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების ნიშნებად მიიჩნევენ.

"ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის ცუდი ტენდენციები გამოაჩინა. სახელმწიფოში უმაღლესი პირების მხრიდან მკვიდრდება პოლიტიკურ ძალთა შორის ესკალაცია, დაძაბულობა. ჩნდება უფსკრული პოლიტიკურ პარტიებსა და ხელისუფლების ურთიერთობაში, ეს საშიში, შემაშფოთებელი ტენდენციებია და თუ ძირშივე არ აღიკვეთა, ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს", – თქვა მამუკა გიორგაძემ.

გიორგი თარგამაძე კი ხელისუფლებას მოუწოდებს ”ძველბიჭობას თავი დაანებოს”.

"ქვეყანაში პოლიტიკური ურთიერთობების, დებატების და ზოგადად დემოკრატიის ტონს და დინამიკას განსაზღვრავს ხელისუფლება. პრემიერის ტონი, ასევე მინისტრ კახი კალაძის გამონათქვამები არასამთავრობოების მიმართ, რომლებიც "ხუდონჰესის" მშენებლობას აპროტესტებდნენ და რომლებსაც მან მოყიყინეები უწოდა, ძალიან გავს სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ურთიერთობას საზოგადოებასთან. სააკაშვილმა ცუდად დაამთავრა და არ გვინდა, ამ ხელისუფლებასაც იგივე დაემართოს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი დაანებოს ძველბიჭობას, უპასუხისმგებლო განცხადებებს, პოლიტიკურ ოპონენტებთან, მოაზროვნე ადამიანებთან, ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან, არასამთავრობოებთან მუქარის და შეურაცხმყოფელი ტონით საუბარს და იზრუნოს ქვეყნისთვის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნა თარგამაძემ. 

გიორგი თარგამაძემ და მამუკა გიორგაძემ ასევე თქვეს, რომ ძირითად ღირებულებებზე მათი შეხედულებები და პრიორიტეტები ერთმანეთს ემთხვევა და ქართული სახელმწიფოს განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის თანამშრომლობას გააგრძელებენ.

"მამუკა გიორგაძე და სახალხო პარტიის ყველა წევრი არის მაგალითი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და მთლიანობისთვის დაუღალავი შრომის. ამ ადამიანებმა უმძიმესი პერიოდები გამოიარეს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, მათთან ერთად საერთო მიზნებისთვის სვლა", – თქვა თარგამაძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები