აბაშაში მომხდარი ინციდენტი

ბოკუჩავა: დავით დარცმელიძის დაკითხვაზე დაბარება კანონის მკაცრი დარღვევაა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავა აბაშაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ირინა იმერლიშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. როგორც ბოკუჩავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურის მიერ აბაშის მაჟორიტარი დეპუტატის დავით დარცმელიძის დაკითხვაზე დაბარება წინასაარჩევნო ზეწოლაა. ბოკუჩავას თქმით, ნაციონალური მოძრაობა მომხდართან დაკავშირებით, აუცილებლად შეიტანს საჩივარს და საქმის ბოლომდე გამოძიებას მოითხოვს. 

"ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს დავით დარცმელიძეს პროკურატურა კანონსაწინააღმდეგო დაკითხვაზე იბარებს. ეს არის კანონის ძალიან მკაცრი დარღვევა და ასევე ძალიან ცინიკური დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, როდესაც პარლამენტის წევრს იბარებენ. ნათელია, რომ ეს არის წინასაარჩევნო ზეწოლა. ხელისუფლება მიხვდა, რომ აბაშის მუნიციპალიტეტს აგებს და ამ გზით ცდილობენ შეცვალონ ეს ძალიან მარტივი მოცემულობა" - აღნიშნა ბოკუჩავამ და დასძინა, რომ იმერლიშვილი ძალადობის კიდევ ერთხელ გამართლებას ცდილობს.

“ეს იყო ძალიან სამარცხვინო განცხადება იმერლიშვილის მხრდიან, სადაც ის ცდილობს, რომ კიდევ ერთხელ გაამართლოს ძალადობა. ჩვენ ვიცით, რომ კახა მიქაია და მისი ჯგუფი სჩადიან ძალადობას. ეს საზოგადოებამაც კარგად ნახა, როდესაც პრაიმერის დროს ზუგდიდში მათ ქვები და ბოთლები დაუშინეს ჩვენს პრეზიდენტობის კანდიდატს და მხარდამჭერებს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს ნორმალური და ადეკვატური რეაგირება, ისინი ადანაშაულებენ ჩვენს დეპუტატს დავით დარცმელიძეს. მაშინ როდესაც არცერთი ადამიანი, რომელმაც ძალადობა ჩაიდინა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, არ არის დასჯილი სისხლის სამართლებრივი წესით”, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, აბაშაში კოალიცია ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გვილავა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით დარცმელიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გიორგი გვილავას განცხადებით, ის საკუთარ ჭიშკართან იმყოფებოდა, რა დროსაც დარცმელიძე თანმხლებ პირებთან ერთად, მას ჯერ სიტყვიერად, ხოლო შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდა.  გიორგი გვილავას განცხადებით, მან უკვე მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. უმრავლესობის წევრი ირინა იმერლიშვილი კი, ამ ინციდენტს არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს. მისი თქმით, "გუშინ ღამით, დავით დარცმელიძე სახლში მიუვარდა ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელს გიორგი გვილავას".

კომენტარები