ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ბიძინა ივანიშვილი: სექსუალური უმცირესობები არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები

france24.com/

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ევროპარლამენტი ვანო მერაბიშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადების შესახებ რეზოლუციას ვერ მიიღებს. როგორც პრემიერმა გადაცემა პოლიტიკის დროში თქვა, ევროპა უკვე ხვდება, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება მხოლოდ ფასადურ დემოკრატიას ქმნიდა.

"ევროპაშიც გააცნობიერა უფრო მეტმა რეალობა, რადგან ევროპა უფრო დიდხანს იყო სიცრუეში და ვერ უყურებდნენ პროცესებს ისე, როგორც ჩვენ ვაფასებდით. ნაციონალებმა იქ იმიჯი შეიქმნეს.. სააკაშვილი რომ გამოდის და ლაპარაკობს, ქართველ ხალხს კი არა, იმათ ელაპარაკება. ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა 17 მაისის დარბევა და არც ამათი მცდელობის გარეშე მომხდარა.. სექსუალური უმცირესობა მყავს მხედველობაში. ვერც ერთხელ ვერ გამოვიდა და ღირსეული განცხადება ვერ გააკეთა ევროპული ტიპის. კიდევ ვიმეორებ, რომ სექსუალური უმცირესობები არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები და უნდა მოახერხოს ამ კაცმა, დემოკრატიის შუქურად რომ ასაღებდა თავს ევროპაში, თავისი პოზიცია აქაც უნდა დააფიქსიროს. ეს ქვეყანა ყველას ეკუთვნის და არა ერთ კაცს და გუნდს" - აცხადებს პრემიერი.

მისი თქმით, იმის ალბათობა, რომ ევროპარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) მიღებული რეზოლუცია დაამტკიცოს, ძალიან დაბალია. თუმცა, ივანიშვილის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ევროპაში ძალიან ბევრი ფული დახარჯა.

"არ გამოვრიცხავ, რომ კორუფციასაც ჰქონდეს ადგილი. ევროპასა და ამერიკაში კორუფცია არ გაგიგიათ? ფულს არიგებდნენ. უზარმაზარი ფული გაჰქონდათ გარეთ, ლობისტებს აგროვებდნენ და პიარს იკეთებდნენ. ეს პროცესი ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ მაინც გრძელდება. ფული ამათ დღესაც აქვთ და დღესაც ხარჯავენ" - თქვა ივანიშვილმა. ამასთან, ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, "როდესაც ამბობთ, რომ სხვადასხვა რეზოლუციის მისაღებად, თუნდაც, მერაბიშვილის პოლიტპატიმრად გამოცხადებაზე, საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები უშუალოდ უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, თქვენ რომ მოინდომოთ და მიმართოთ ამ კუთხით ფინანსური რესურსი, თქვენ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ფინანსური რესურსით შესაძლებელია ევროპარლამენტმა მთავრობისთვის სასიამოვნო რეზოლუციები მიიღოს?", ბიძინა ივანიშვილმა კი უპასუხა, რომ ამას თავად არ იკადრებს, თუმცა, ზოგადად, სრულიად შესაძლებელია ამის გაკეთება.

"არამარტო ფინანსურით და აგიხსნით, რატომაც. მე ახლა ძალიან გამიჭირდება, ეთერში გავაკეთო ასეთი ანალიზი, სხვადასხვა ქვეყანა მოვიხსენიო, რამეთუ ამას ცუდად გაიგებენ, საერთოდ, ერთი რამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ ყველამ, საკუთარ სამშობლოზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, საკუთარი ქვეყანა ჩვენ უნდა დავალაგოთ. ზრუნვის განცდა არ აქვს არაქართულ სახელმწიფოს ჩვენსაზე, ისინი თავიანთ სახელმწიფოზე ზრუნავენ და თავიანთი ინტერესები აქვთ. და ჩვენ როდესაც ევროპისკენ ვისწრაფვით და ამერიკა გვინდა სტრატეგიულ პარტნიორად, სხვაობა ის არის, რომ ისინი თავიანთ ინტერესებს ატარებენ, მაგრამ ჩვენთვისაც საინტერესოა მათთან ურთიერთობა. მათი მეთოდები ცივილიზებულია, თუგინდ გავლენის მოხდენის. მათი მეთოდები უნდა შევითვისოთ, ამიტომ არის ჩვენთვის საინტერესო ევროპა. ასევეა ამერიკაც. ღმერთმა არ ქნას, რომ რამე მოხდეს და ამერიკას აქ ინტერესი გაუქრეს. ამერიკას და ევროპას საქართველოს კარგად დალაგების კი არა, დახმარების სურვილი აქვთ. მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლება კარგად უხატავს მათ, რომ კარგად დაწერონ.. ხშირად რეალური დრო არც აქვთ მათ, რომ მოვიდნენ და საქართველოში რეალური პროცესები შეამოწმონ. მთავრობა აწვდის, ყველა დოკუმენტს აძლევს, ყველა ჩანაწერი იდეალურია. სააკაშვილი ისე გათავხედდა, რომ იძახის - ევროპაზე მაგარი ვარო.. პირველად რომ ჩავედი ბრიუსელში, თქვენ აქ მეორე კომუნიზმს აშენებთო. როდესაც ვთქვი, რომ შრომის კოდექსს შევცვლი, ისე გაუხარდათ, გაოცებული ვიყურებოდი, რა ხდება მეთქი.. მართლა შეცვლითო? ესენი გადიოდნენ და ეუბნებოდენ, რომ რაც მათ სურდათ, იმაზე კარგად ჰქონდათ ყველაფერი და იმაზე ჰქონდათ პრეტენზია, რომ ჩენ უფრო მაგარი დემოკრატია გვაქვსო.. ისინიც ამას აფორმებდნენ. არც დრო ჰქონდათ ბევრი და არც სურვილი, რომ შეემოწმებინათ.. და რატომ დაუწყებდნენ სააკაშვილს ზედმეტ ჭიდაობას. ახლა რომ მოვედით ჩვენ და ვამბობთ, რომ ეს დემოკრატია კი არ იყო, ავტორიტარიზმი და დიქტატურა ხდებოდა, გაოცებულები არიან.. და გარდა ამისა, მეგობრები ჰყავთ, ესეც არ დაგავიწყდეთ. ამ ლობიზმსა და კორუფციას შორის სად გადის ზღვარი, ღმერთმა იცის. მე მოსკოვში ლობიზმს არ ვკადრულობდი, თქვენ რომ წარმოიდგინოთ, ბიზნესმენი არ ვკადრულობდი" - თქვა ივანიშვილმა და დაამატა, რომ წინა ხელისუფლებისთვის სასიამოვნო რეზოლუციების მისაღებად, "არამხოლოდ საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები, არამედ, ბიზნესიდანაც უზარმაზარი თანხები გაჰქონდათ".

ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი (AFET) საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს და საქართველოს მთავრობისგან მის გათავისუფლებას მოითხოვს.

დოკუმენტის ტექსტში მითითებულია, რომ ევროპარლამენტი "მხარს უჭერს რა ასოცირების შეთანხმების ინიცირებას, მიიჩნევს, რომ ამ პროცესის წინაპირობა უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ხელშესახები პროგრესი კანონის უზენაესობის სფეროში. ეს გულისხმობს ვანო მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარებას".

ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას, სასწრაფოდ დააყენოს ზემოხსენებული წინაპირობის გათვალისწინების საკითხი და შეიმუშავოს კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეფასდება ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები