ბაჩო ახალაიას საქმე

პროკურატურამ ბაჩო ახალაიას გირგვლიანის საქმეზე ბრალი წაუყენა

Georgia's former Interior Minister Bacho Akhalaia speaks to media at the prosecutor's office in Tbilisi
Irakli Gedenidze / REUTERS

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი წაუყენა. აღნიშნულის შესახებ პროკურატურის შენობაში ბრიფინგი გაიმართა.

პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა თქვა, რომ ”სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფარგლებში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით მიეცა ბაჩანა როლანდის-ძე ახალაია. გამოძიებით უტყუარად დადგენილია, რომ ბაჩანა ახალაიამ, რომელიც დაკისრებული მოვალეობისა და საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. საკუთარი ძმის დავით ახალაიასა და სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე სხვა პირთათვის, უკანონო უპირატესობის მინიჭების მოტივით, დაარღვია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები, საქართველოს კონსტიტუცია, მოქმედი კანონმდებლობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით სასჯელაღსრულების #7 და #10 დაწესებულებების საქმიანობაში უკანონო ჩარევის გზით, არაერთი უკანონო დავალებისა და განკარგულების გაცემით, განაპირობა სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში მსჯავრდებულ პირთა - გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, ავთანდილ აფციაურისა და მიხეილ ბიბილურიძის მიმართ დადგენილი განაჩენის არასათანადო აღსრულება, ამ პირთა მიერ სასჯელის მოხდის მთელი ვადის განმავლობაში მათთვის უკანონო შეღავათების დაწესებისა და კანონით აკრძალული განსაკუთრებული პირობების შექმნის გზით”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურორის თქმით, სწორედ ბაჩანა ახალაიას უშუალო ძალისხმევით, აღნიშნული მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში - ”ისე, რომ მათი ყოფა, პრაქტიკულად, არ განსხვავდებოდა თავისუფლებაში მყოფი მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებისაგან. ისინი პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს. ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და, რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს. კერძოდ, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს”.

ბრიფინგზე პროკურორმა შოთა ტყეშელაშვილმა ასევე თქვა, რომ ”გამოძიებითვე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული მსჯავრდებულების მიერ გაწეული ერთგულებისა და თანადგომის საფასურად, დათა ახალაია თითოეულ ადამიანს დაჰპირდა პატიმრობისა და სასჯელის მოხსნის მთლიანი ვადის მანძილზე ოჯახური და ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად საზღაურს, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში სასჯელის მოხდას სიმბოლური ვადით. ხოლო ამ ვადის განმავლობაში კომფორტულ ცხოვრებასა და სხვა უკანონო შეღავათებს. მათ შორის,სასჯელის მოხდისაგან ვადამდე გათავისუფლებას. ეს კანონსაწინააღმდეგო დაპირებები ზედმიწევნით ზუსტად აღასრულა ბაჩანა ახალაიამ, რომელიც 2005 წლის 23 დეკემბრიდან, იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ევალებოდა დაკავებული თანამდებობის შესატყვისი უფლებამოსილების განხორციელება.

ამგვარი ქმედებით ბაჩანა ახალიამ მყარად უზრუნველყო, რომ გერონტი ალანიამ, ალექსანდრე ღაჭავამ, ავთანდილ აფციაურმა და მიხეილ ბიბილურიძემ არ ამხილეს მისი ძმა, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე დავით ახალაია, როგორც სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემკვეთი და დანაშაულში მონაწილე სხვა პირები, არამედ პირიქით მიზანმიმართულად გაამრუდეს მართლმსაჯულება. რის თაობაზეც მართლმსაჯულების ევროპულმა უმაღლესმა ინსტანციამ დაადგინა - ”სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები შინაგანს აქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, შიდა სასამართლოები, საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ., ყველა ერთად ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისათვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება”, - თქვა ტყეშელაშვილმა.

პროკურორის თქმით, ”ამავე საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულები არიან საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ახალაია, ამავე დეპარტამენტის განყოფილების ყოფილი მოადგილე ოლეგ მელნიკოვი, ამავე დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე და შემდგომში ისან-სამგორის სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ქოქიაშვილი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე”.

პროკურორის თქმით, ამ წუთებში ბაჩანა ახალაიასთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. ”პროკურატურა ქალაქ თბილისის სასამართლოს ბაჩანა ახალაიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართავს. სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - თქვა ტყეშელაშვილმა.

კომენტარები